ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, რეფორმების განხორციელების, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ- ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებისთვის, 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით ეხმარება. თუმცა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის და საარჩევნო რეფორმების კუთხით.
„ნდობის გამყარება იმ ვალდებულებებისა და დანაპირების შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის გზით შეიძლება, რომელსაც მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში მოქმედმა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს. ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ნდობით აღსავსე გარემოში, რომ დავიცვათ დემოკრატია“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბარობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი, რომლის განცხადებაში ნახსენებია პოლიტიკური პატიმრები და ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰალიცკის შეფასებით, ჩაითვლება, რომ არ შესრულდა 8 მარტის ხელშეკრულება.
„პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება ნიშნავს, რომ შეთანხმება დაირღვა და სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“, - წერს ანდჟეი ჰალიცკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტიციო ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ელჩების თანდასწრებით, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში საუბარი არ ყოფილა კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე. ასევე, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ევროპარლამენტარების ულტიმატუმი.
საპარლმენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრობლემა შექმნას, რადგან ეს პარტია ქართველი ამომრჩევლისგან 2020 წლის არჩევნებშიც საკადრის პასუხს მიიღებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ სამწუხაროდ, ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება დაუკავშირონ კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობს.
„ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც, რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმების არშესრულება ხელს უშლის პარტნიორებისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყანამ ეკონომიკური დახმარება მიიღოს და კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი დაძლიოს.
„ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეს დახმარება არ დაკარგოს და ეს დახმარება ქართველ ხალხს მოხმარდეს. ამიტომ, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც აღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს 8 მარტის შეთანხმებით და რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას, იყოს შესრულებული, რომ ასეთი საფრთხეები არ ჰქონდეს ქვეყანას. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ეკონომიკური დახმარება და ამიტომ ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრების მოწოდებები იყოს გათვალისწინებული“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ხულორდავა საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად დაუჭერს მხარს. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებელია და მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ეს განახორციელოს. მისი თქმით, მმართველ გუნდს 93 დეპუტატი ჰყავს, ამას გარდა პარლამენტში სხვა დეპუტატებიც არიან, რომელთა ერთობლივი მონაწილეობით შესაძლებელია ეს ცვლილებები ბოლომდე მივიდეს.
„ხელისუფლებას ზოგჯერ ჰგონია, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელია კონკრეტული გადაწყვეტილება, როცა ასე სულაც არ არის. ახლაც, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ აქვთ უფრო მეტი პოლიტიკური წონა, თუნდაც იმის გამო, რომ კრიზისის პირობებში ხელისუფლებამ შეძლო გარკვეულწილად დაერწმუნებინა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომ ის სწორი მიმართულებით უძღვება ქვეყანას.
ასევე ვიცით, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით ხელისუფლების რეიტინგი არის გაზრდილი, ამიტომაც შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ ახლა არ სჭირდებათ ამ დაპირების შესრულება, მაგრამ მათ ეს დაპირება გასცეს. ასევე, შესაძლოა, იყოს მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაიტანონ, რაც ძალიან არასწორი მიდგომა იქნება“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პოზიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრუქტურულად ევროკავშირში გადაწყვეტილებებს არ იღებს ერთი ან ორი პარლამენტარი - უამრავი სტრუქტურა აქვს ევროკავშირს და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები სხვა დონეზე მიიღება.
„რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და აქ საუბარი არ არის რომელიმე ხელისუფლებაზე. 12 მაისამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და მერე აღარ იქნება მიღებული, თუ ვინმეს ციხიდან არ გამოუშვებენ, ეს სასაცილოა. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია თემის ასე წარმოჩენა, რომ საერთო აღშფოთება გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობაში, რომ თურმე არ დაგვეხმარებიან თუ ვინმეს არ გამოუშვებენ. აბა, აქამდე რატომ გვეხმარებოდნენ? ვინმეს გამოშვების იმედი ჰქონდათ? ეს ხომ ზღაპარია“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.
რაც შეეხება კონკრეტული ევროპარლამენტარების პოზიციას, მისი თქმით, ეს ადამიანები არ შეწყვიტავენ მათი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას, რაც მათი პოლიტიკური არჩევანია.
„ჩვენ გვახსოვს, ამ ევროპარლამენტარების წუხილები ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და თუნდაც - მათი პოზიცია, რომ 2014 წელს არ გაფორმებულიყო ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს ქვეყანასთან, წუხილები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, უვიზო რეჟიმიც გვაქვს და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც. ბევრი სხვა საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს.
მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს რა განცხადებას გააკეთებს კონკრეტული სენატორი, თუ კონკრეტული ევროპარლამენტარი, მაგრამ ამასთან ერთად, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, მთავრობების გადაწყვეტილებებს და შეფასებებს საქართველოსთან მიმართებაში. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკვე ასახულია საქართველოს ბიუჯეტში და ველოდებით კიდევ 2020-2021 წლებში. ევროკავშირის პოლიტიკა არ განისაზღვრება იმის მიხედვით, ვის გამოუშვებენ და ვის არა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვლადიმერ ბოჟაძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა სხვა რესურსი ამოიწურა და დარჩა ორი - ფინანსური ნაკადები, რომელსაც უცხოეთიდან ელოდება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ასეთი მკაცრი განცხადებების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში კულუარული მოლაპარაკებები იმართება და ხელისუფლება სწორედ ამ მოლაპარაკებებს ელოდება იმისთვის, რომ ნახოს, რამდენად რეალური შეიძლება გახდეს ის განცხადებები, რომელიც ახლა კეთდება.
„თუ ხელისუფლება თვლის, რომ საქმე ჯერ იქამდე არ არის მისული, რომ ეს განცხადებები რეალობად იქცეს, მაშინ, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. მაგრამ, თუ მიხვდა, რომ რეალურად ეს მუქარა კი არ არის, არამედ რეალურად განხორციელდება ფინანსების შეზღუდვა, მაშინ, რა თქმა უნდა, ის წავა დათმობებზე. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მიტინგები ატაროს ოპოზიციამ, ეს შედეგს არ გამოიღებს, რადგან მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ოპოზიციას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში, რაც ჰქონდა 2012-ში „ქართულ ოცნებას“ და 2003-ში „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს პრობლემა არის როგორც ოპოზიციისთვის, ასევე, დასავლელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის სწორდ ფინანსური ნაკადების შემცირება. თუ ხელისუფლება ნახავს, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნება, შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი და წავიდეს დათმობაზე“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ არგუმენტები ვინმეს სჭირდება საიმისოდ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან თუ არა, არგუმენტები არსებობს - ამ სამეულის კრიმიანლური პატიმრობის არგუმენტები.
„ყველა ურთიეროთობა და ასევე საქმიანი ურთიერთობა პირადი ურთიერთობის საფუძველზე უნდა დამყარდეს, ამიტომ გვყავს დიპლომატები სხვადასხვა ქვეყანაში. პირადი ურთიერთობები ვის მეტი აქვს, „სახალხო პარტიას“, რომელსაც საკუთარ კოლეგებთან აქვს ურთიერთობები და ცდილობს, რომ მისი ამოცანის შესრულების პროცესში სხვებიც ჩართოს? გასაგებია ის მექანიზმი, რითაც „სახალხო პარტიას“ ორიენტაცია აღებული აქვს „ნაციონალურ მოძარაობაზე“. უამარავი ტიპის მექანიზმი მუშაობს, მაგრამ აი, ის კი გაუგებარია, რატომ არ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ ამ პოლიტიკურ სამზარეულოში შესვლა, სადაც კერძი არის მორთმეული? სიმართლეა, ტყუილია, ევროკავშირს ეკუთვნის, არ ეკუთვნის - ამას ვინ უყრებს. დაწყებულია რაღაცა სახის კამპანია და ამაში კონკრეტული ჯგუფები არიან ჩართული. გაუგებარია, რატომ არის ჩუმად ხელისუფლება. ხელისუფლების ადგილას ცრუ ბრალდებისა და ავტორიტეტის შელახვისთვის ევროპულ სასამართლოში ვუჩივლებდი იმ პარლამენტარებს. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად იმსახურებენ სასამართლო სასჯელს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ვააააა.....
.ოსს ჰკითხეს ღვინო გინდა თუ არაყიო
იმან კიდევ მიუგო.....პივაცაო....
ესეიგი ღვინოც მინდა, არაყიც და ზედ დესერტად პივაცაო
ზუსტად ესეა ნაცების საქმე ...რურუაც, რურუაც გამოუშვითო.....
კარგი...ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ........................ ამ უგულავა ოოქრუაშვილის კამერებში ამ დებილებს ( უკლებლივ ყველას)
შევყრიდი..
.კამერებში ისევ ძველ დროს დავაბრუნებდი და ამ დებილებს ისევ 25--25 კაცს შევყრიდი .....დირექტორიანად
ვაააა .........................................
როგორ ყველას ფეხებზე ჰკიდია საქართველო......