ჩინეთმა პროტესტი გამოთქვა და ცილისწამება უწოდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბრალდებას, რომ ჩინეთი იმ ამერიკულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.
„ჩინეთი მტკიცედ აპროტესტებს ასეთ ცილისწამებას, რომელიც მიზნად ჩინეთის გაშავებას ისახავს. ჩინეთმა დიდ წარმატებას მიაღწია კორონავირუსთან ბრძოლაში და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინისა და პრეპარატების შექმნის წინა ხაზზე დგას. ჩვენ უფრო უნდა ვნერვიულობდეთ იმაზე, რომ ვინმემ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მოგვპაროს. ჩინეთი კიბერშეტევებისგან ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა და კიბერშეტევების ნებისმიერ ფორმას ვგმობთ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
13 მაისს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ ჩინეთი იმ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი.
„გამოძიების ფედერალური ბიურო ჩინეთთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოძიებას ატარებს. მათი მიზანი ამერიკული ორგანიზაციების მასალებზე არასანქცირებული წვდომის მიღება იყო. ეს ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვას შეეცადნენ. კიბერშეტევის სხვა დეტალები მოყვანილი არ არის.