რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-19-ით დაინფიცირებულთა შორის დეპუტატებიც არიან. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, კორონავირუსი რუსეთის დუმის ქვედა პალატის 5 დეპუტატს დაუდასტურდა.
დაინფიცირებულთა შორის ორი დეპუტატი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ორი კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა და ექიმებმა უკვე გაწერეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 242 271-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2 212-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 48 003 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.