ირანში სკოლები 16 მაისს გაიხსნება

ირანში სკოლები 16 მაისს გაიხსნება

ირანში სკოლების გახსნას 16 მაისს აპირებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin-ი ირანის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელის, ალი რაბიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 16 მაისს ყველა სკოლა გავხსნათ, თუმცა გაკვეთილებზე დასწრება ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები“, - განაცხადა რააბიმ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას.

ირანში 19 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ის 107 603 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 6 640 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 86 000-ზე მეტი პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.