ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ფარერის კუნძულებზე კორონავირუსი 187 ადამიანს დაუდასტურდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა, ბოლო ინფიცირებულმა კი საავადმყოფო 8 მაისს დატოვა. სულ ქვეყანაში კორონავირუსზე 8403 ტესტი ჩატარდა.

„ჩვენმა ერმა მიაღწია შედეგს, რომლითაც ძალიან ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის. ეს შესაძლებელი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა, ოჯახებმა და ორგანიზაციებმა შეცვალეს მათი ყოველდღიური ცხოვრება და გამოიჩინეს პასუხისმგებლობა ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენი საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბარდურ ა სტეიგ ნილსენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.