კორონავირუსს საბოლოოდ ვერ მოვერიეთ, მაგრამ მასთან თანაცხოვრებას უკვე ვიწყებთ. იზოლაციაში ცხოვრების პერიოდი სრულდება. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები იხსნება, ეკონომიკის გახსნის ექვსეტაპიანი გეგმა ჩქარდება და 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისი, ყველა სახის წარმოება, ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, გარდა მოლების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების.
არის თუ არა ეპიდსიტუაციის შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების განახლება საქართველოში, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ოპოზიციისგან გამუდმებით გვესმოდა ახალი ლოზუნგი „არა კორონადიქტატურას“, მათი აზრით, ხელისუფლება კოვიდსიტუაციით მანიპულირებას ეწეოდა და პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ იყენებდა. დღეს კი ხელისუფლებამ შეზღუდვები თითქმის გააუქმა. როგორ ფიქრობთ, ეპიდსიტუაციის შესაბამისია პოლიტიკური ცხოვრების გახსნა საქართველოში და ლოგიკურად მივედით იმ ეტაპამდე, როცა კრიზისი გადაილახა და პოლიტიკური აქტიობა უნდა დაიწყოს?
- ოპოზიციის ეს მოსაზრებები, ჩემი აზრით, ხელოვნურია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით მანამ, სანამ ხელისუფლება პირველად ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენდა, ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად, მაინც, მოცული იყო პანდემიის შიშით. საზოგადოებას მიმღებლობაც კი არ ჰქონდა რაღაც სხვა პოლიტიკური განცხადებების მიმართ, არ იყო საზოგადოებაში ამის ინტერესი. თუმცა, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს დასასრული, ხალხი შეეჩვია კიდეც კორონავირუსთან და პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნილება იმისა, რომ პროცესი გაიხსნას და ეკონომიკას მივხედოთ. ასე რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, ჩვენი ეკონომიკა იმაზე უფრო დამანგრეველ და გამანადგურებელ მდგომარეობაში აღმოჩენელიყო, ვიდრე ეს ვირუსი მოიტანდა მძიმე შედეგებს. შესაბამისად, პროცესმა გახსნა დაიწყო.
მე არ მახსოვს საქართველოში ხელისუფლება და არც დღევანდელ სპექტრში არ მახსენდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ასეთ ვითარებას თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებდა. სამწუხარო რეალობა ასეთია. ამ მხრივ რაიმე ექსტრაორდინარულს და მოულოდნელს არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდამდე დარჩენილია 6 თვე. თუ ოპოზიციას რაიმე სათქმელი აქვს, სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, კიდეც აკრიტიკოს ხელისუფლება და ამომრჩევლის დარწმუნებაც შეძლოს, რომ ოპოზიციას უნდა დაუჭირონ მხარი და არა ხელისუფლებას.
როგორ ფიქრობთ, სწორად გათვალა ხელისუფლებამ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის შემჭიდროებულ ვადაში შესრულება?
- 6-ეტაპიანი გეგმა საკმაოდ გაწელილი იყო. ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ხელისუფლებას ეს გეგმა 6 ეტაპად განეხორციელებინა, თუმცა ხელისუფლება უფრო პრაგმატული აღმოჩნდა და საკმაოდ სწრაფად, თითქმის ორი კვირის თავზე, მომავალი ორშაბათიდან მთლიანად იხსნება ეკონომიკური სფერო. რაღაც-რაღაცები ცოტა გაუგებარია, რადგან, თუ ყველაფერი იხსნება, თუ ყველა მაღაზია იხსნება, ტანსაცმელმა და ფეხსაცმელმა რა დააშავა? ასეა თუ ისე, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რჩება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, კომენდანტის საათი გადაწეულიყო 12-დან 6 საათამდე.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება, აჯობებს, თუნდაც ფორმალურად საგანგებო მდგომარეობა თვის ბოლომდე შენარჩუნდეს, რათა შემდეგ მოესწროს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ პრობლემის გარდა სხვა პრობლემას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ ვხედავ და ვერც იმას ვამჩნევ, ხელისუფლებას გამოეყენებინა ე.წ. კორონადიქტატურა.
ცალკე თემაა ჯარიმები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას მოევლება და ეს პრობლემა მოიხსნება, ალბათ, ჯარიმებს ჩამოაწერენ მოსახლეობას. თავის დროზე ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ამხელა თანხებზე წავიდა საუბარი. იმდენად არარეალურად მაღალია ჯარიმა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ამ 3 ათასი ლარის გადამხდელი ნამდვილად არ არის. თუ წარმოებას და ეკონომიკას დახმარება სჭირდება, გაჭირვებულ კაცს რომ 3-ათასლარიან გადასახადს დააკისრებ, ეს კატასტროფაა. ზოგადად, ამ საკითხში ხელისუფლება მოზომილი უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რაღაც ფორმა მოიძებნება და ეს პრობლემაც მოგვარდება. როგორც მოგახსენეთ, დღესვე შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობა გავაუქმოთ, პანდემია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ვითარება რომ გართულდეს, გაცილებით ცუდია, მაშინ თავიდან უნდა გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ სჯობს, 1-2 კვირა კიდევ დააკვირდნენ სიტუაციას.
რა სტარტი აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას პოსტკორონასეულ ეპოქაში, როდესაც ხელისუფლებამ, ასე თუ ისე, მოირგო ხალხზე მზრუნველის იმიჯი. წინასაარჩევნო პრიზმაში თუ განვიხილავთ ვითარებას, ვისთვის უფრო დაასხა ამ საშინელმა პანდემიამ წყალი-ხელისუფლებისთვის, თუ ოპოზიციისთვის?
- მე არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას კარგი პერიოდი დაუდგა. პირველი ერთი თვე, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაიწყო, სრულიად ბუნებრივია, მოსახლეობაში ნებისმიერ ხელისუფლებას წარმატება ექნებოდა, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ყოფილიყო. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მოსახლეობას ყოველთვის ხელისუფლების იმედი აქვს, მმართველი გუნდის რეიტინგი იწევს და პოლიტიკური კაპიტალი უგროვდება ხელისუფლებას. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციას არეალი არ რჩება, რომ რაღაც გააკეთოს. მაგრამ, როგორც კი ეს პერიოდი მთავრდება, ყველაფერი იცვლება. ორკვირიანი პერიოდები რომ გაეჭიმა ხელისუფლებას დროში, ეს კაპიტალი, რაც დააგროვა პირველ ეტაპზე, ამ ექვს ეტაპთან ერთად დასრულდებოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა მოთხოვნებს არ წამოუყენებენ ხელისუფლებას. მოთხოვნები იქნება, რადგან გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, გააჩენს გარკვეულ უკმაყოფილებას, თანაც საკმაოდ სერიოზულ უკმაყოფილებას, რადგან თანხა არც ისე დიდია. პრობლემები უფრო გართულდება, მაგრამ ხელისუფლების ხელშია, რამდენად სწორად იმოქმედებს. დაჩქარებული ეტაპები, რომელიც ახლა დაიწყო ხელისუფლებამ, მომგებიანია მმართველი გუნდისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ახლა ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორც ჰქონდა თუნდაც სამი კვირის წინ, როცა პანდემია პიკში იყო და დაზაფრული იყო მთელი საზოგადოება. ასე რომ, რთულია იმის თქმა, შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლება იმ კაპიტალს, რაც მან დააგროვა პანდემიის პირველ ეტაპზე.
ეს კაპიტალი ოპოზიციის სასარგებლოდ გადავა წინასაარჩევნო პერიოდში?
- არ ვიცი, რადგან ოპოზიციასაც სჭირდება შესაბამისი მოქმედება. შეიძლება ისეთი სურათი მივიღოთ, როგორც ადრე გვქონდა, როცა ხელისუფლება არ უნდოდა მოსახლეობას, მაგრამ არც ოპოზიციის მიმართ იყო გულმოწყალე. ამიტომ ოპოზიციასაც სჭირდება ჭკვიანური მოქმედებები და, რაც მთავარია, ჭკვიანური რეაქციები. რადგან ჭკვიანურ მოქმედებებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, როდესაც ოპოზიციამ საუბარი დაიწყო ექიმებზე, ეს კატასტროფული შეცდომა იყო. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უფრო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს საზოგადოებაში განვითარებულ პროცესებს და საზოგადოების მოთხოვნილებებს პასუხობდეს. ოპოზიცია ვერ შექმნის რეალობას საზოგადოებაში, ოპოზიციის ვალი ისაა, საზოგადოებაში არსებული პროცესის დაჩქარება და აქტუალიზაცია მოახდინოს. იმ დროს, როდესაც ხალხისთვის ერთადერთი იმედი იყო ხელისუფლება და ინფექციონისტების სწორი და კარგი მუშაობა, ექიმების თემით აპელირება შეცდომა იყო.
ექიმების მიმართ კითხვები ოპოზიციონრებს გამუდმებით უჩნდებათ. ახლახანს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქართველ ექიმებს მიდგომა დაუწუნა, ეკონომიკის გაჩერებაში დასდო ბრალი და დაემუქრა მათ, როცა გადაივლის ეს ამბავი, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ იმის ახსნა, რატომ მოხდა ეკონომიკის პარალიზება, რატომ აძლევდით ასეთ რეკომენდაციებს ხელისუფლებას, რომელმაც კორონა გადაგვატანინა, მაგრამ ქვეყანაში შიმშილი გამოიწვია.
- ასეთი განცხადებები შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან. ამაზე ყოველთვის არსებობს არგუმენტირებული პასუხი და ეს პასუხი არის ფაქტი - ახლო სამეზობლოში საქართველოს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი და ნაკლები დაავადებული ჰყავს. ასეთ დროს ექიმების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები გაუგებარია. ოპოზიციას შეეძლო, გამოეძიებინა ბიუჯეტი, უამრავი სხვა თემა გამოეკვლია, მაგრამ იმ თემების რევიზია, რომლებიც მოსახლეობამ უკვე დადებითად აღიქვა, პოლიტიკურ ქულას არ მოუტანს ოპოზიციას.