„ოპოზიცია ამდენ ხანს ჩუმად არ ყოფილა, ცოტაც მოითმინონ, ყველაფერი ჩაიწერონ და მერე წაიკითხონ თავიანთი კონსპექტები“

„ოპოზიცია ამდენ ხანს ჩუმად არ ყოფილა, ცოტაც მოითმინონ, ყველაფერი ჩაიწერონ და მერე წაიკითხონ თავიანთი კონსპექტები“

კორონავირუსის გამო შექმნილმა პოლიტიკურმა სტაგნაციამ ოპოზიციის მოთმინების ფიალა აავსო. გიგა ბოკერიას კითხვა უჩნდება, „ვინმემ აგვიხსნას, კომენდანტის საათი რისთვის არის? რას იცავენ ამით?“ შალვა ნათელაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში კორონადიქტატურა დამყარდა, ხალხი შეყარეს სახლებში და მთელ ერს გამოუცხადეს შინაპატიმრობა. ამიტომ ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომ გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და არაადამიანური ჯარიმები, რომელიც საშუალო შემოსავალზე 20-50-ჯერ მეტია.

„რა ჯანდაბად გვინდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი-ომია, გადატრიალებაა, არეულობაა? ვირუსს ფეხებზე არ ჰკიდია კომენდანტი და საგანგებო?“ - ეს შალვა ნათელაშვილის უპასუხო კითხვებია.

ვინ რისთვის გამოიყენა პანდემიის პერიოდი და რა ელის ჩამკვდარ პოლიტიკურ ცხოვრებას, ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კარანტინი გამოიყენა დიქტატურისთვის, ფულის საშოვნელად, არაადამიანური ჯარიმებისთვის. თქვენი აზრით, ვინ რისთვის გამოიყენა პანდემიის მძიმე პერიოდი?

- მე ასე დრამატულად არ შევეხედავდი ამ სიტუაციას. ობიექტურად, აუცილებელია ის შეზღუდვები, რაც დღეს მოქმედებს. როდესაც ადამიანებს აქვთ სიკვდილის შიში, ისინი ლოიალურნი ხდებიან ხელისუფლების მიმართ. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ოპოზიციას ეს ანერვიულებს. მოგიყვანთ ასეთ მაგალითს, მერკელის რეიტინგი 20%-მდე იყო, ახლა კი ავიდა 70%-მდე. ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის რეიტინგი გაიზარდა, რადგან ადამიანის ბუნებაა ასეთი, სიკვდილის შიში ხელისუფლების მიმართ ლოიალურს ხდის, რადგან ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მისი გადარჩენა. თუმცა მინდა ოპოზიცია დავამშვიდო, ეს თაფლობის თვე დიდხანს ვერ გაგრძელდება. სიკვდილის შიშის შემდეგ მოვა შიმშილის შიში და შიმშილის შიში ადამიანს უკვე გახდის აგრესიულს. ეს აგრესია მიემართება ხელისუფლების მიმართ. ანუ ხელისუფლებამ დღეს ავტორიტეტი კი არ მოიპოვა, მან მოიპოვა მოკლევადიანი რეიტინგი, რომელიც მაშინვე იმსხვრევა, როგორც კი კორონავირუსისგან გამოწვეული მთავარი პრობლემა გადაილახება. მეტსაც გეტყვით, არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების ჭკუამოკლე წარმომადგენლებს სიამოვნებდეთ კიდეც ხალხის ლოიალობა და ვიღაც შეიძლება მართლაც იყენებდეს ამ ლოიალობას ბოროტად, მაგრამ ის, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას იყენებს და ამიტომ შემზღუდავი ზომები უნდა გავაუქმოთ ან შევამსუბუქოთ, მე ამას არ ვიზიარებ. სჯობს, ახლა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე გადაილახოს.

საგანგებო მდგომარეობის დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ხშირად გვესმის, რომ ვაჭრობის მონოპოლიზაცია მოხდა, მაგალითად, „კარფურს“ შეუქმნეს სასათბურე პირობები, ასევე, კოლოსალურია 3-ათასლარიანი ჯარიმა, მაშინ, როცა ბრიტანეთში საგანგებო წესების დარღვევის გამო ჯარიმა 65 დოლარია.

- რაც შეეხება „კარფურს“, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საპროდუქტო სეგმენტზე, არც ერთ მაღაზიას შეზღუდვა არ შეხებია, ყველა მათგანი მუშაობს, „კარფურს“ რა სეგმენტიც ეკავა, ალბათ, იგივე სეგმენტი უკავია, ერთადერთი, შეიძლება მისი გაყიდვები გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ადამიანებს არ უნდათ ხშირად მაღაზიაში სიარული და ერთჯერადად ყველაფრის ყიდვა დიდი რაოდენობით უფრო მოსახერხებელია ჰიპერ და სუპერმარკეტებში. ეს არ არის ხელოვნური მონოპოლიზაცია, ეს არის ბუნებრივი კონკურენტული პროცესი. ჯარიმებთან დაკავშირებით კი მეც მგონია, რომ ჯარიმები გადაჭარბებულია, ძალიან მაღალია, თუმცა ჯარიმები აუცილებელია. არსებობს შეზღუდვა და ეს შეზღუდვა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. თუ ვინმე არ ითვალისწინებს, ის უნდა დაისაჯოს. ადამიანების უმრავლესობა სახლში ზის და პატიოსნად ასრულებს შემზღუდავ წესებს, ვიღაც კი არ ასრულებს და მან უნდა იცოდეს, რომ ეს გარკვეული ფასი დაუჯდება. თუმცა აქვე უნდა იყოს გათვალისწინებული ფორსმაჟორული ვითარებები, რადგან ზოგჯერ ობიექტური აუცილებლობის გამო გიწევს კაცს გარეთ გამოსვლა. აქ უნდა იყოს სწორი კრიტერიუმები. სხვათა შორის, ხელისუფლებამ თვითონვე აღიარა, რომ ძალიან გაგრძელებული იყო ავტოტრანსპორტის შეზღუდვა, აქ მართლაც იგრძნობოდა გადაჭარბება, რადგან ეს შეზღუდვა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო აღდგომის პერიოდში, ანუ ოთხი დღის განმავლობაში, მაგრამ შემდგომი ერთი კვირა ამის გახანგრძლივება უკვე იყო გადამლაშება. კარგია, რომ მიხვდნენ ამას და ეს შეზღუდვა მოხსნეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაც უფრო შორს ვიქნებით დღეს ერთმანეთისგან, მით უფრო მალე ვიქნებით ახლოს. ეს არის ძირითადი ფორმულა. კი ბატონო, დღესვე შეიძლება გაიხსნას ყველაფერი, მაგრამ ბუნდოვანია, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც დაავადდება და ვიღაც არა, ჩვენი პრობლემაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ შეუძლია დიდი რაოდენობით დაინფიცირებულთა მომსახურება და ამას შეიძლება მოჰყვეს კონტროლის ხელიდან გაშვება, რაც ყველაზე სახიფათოა. მე არ ვარ იმ აზრის, რომ ხელისუფლება ყველაფერს სწორად აკეთებს, ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, შეიძლება, ხელისუფლებაში ვიღაც ამას იყენებს კიდეც და ცდილობს, ასეთი სიტუაცია არჩევნებს მოარგოს, მაგრამ ეს ილუზიაა. არც გადამეტებული კრიტიკის მომხრე არ ვარ. ადამიანურად მესმის შალვა ნათელაშვილისაც და ყველა ოპოზიციონერისაც, რომ ხელები ექავებათ, ამდენი ხანი ჩუმად არ ყოფილან ცხოვრებაში, ფსიქოლოგიურად მათ ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ცოტაც მოითმინონ.

გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეს ადამიანები საზოგადოების მხრიდან პოზიტივს იმსახურებენ, მაგრამ, ამავდროულად, უკვე იქცნენ ცალკეული პოლიტიკოსების სამიზნედაც. მათი მისამართით ისმის ბრალდება, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშებში არიან ჩართულნი.

- ამ აზრს არ გავიზიარებ, ამ ხალხს პატივს ვცემ, მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუმცა გარკვეული ნიშნები ბოლო პერიოდში გაჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშებს თამაშობენ, ასე არ არის, უბრალოდ, მათ მოეწონათ, რომ ისინი პოპულარულები არიან და, ცოტა არ იყოს, ნარცისიზმის მოტივები გაჩნდა მათ ქმედებებსა და განცხადებებში. ჩვენ ისინი გვიყვარს ისეთები, როგორებიც არიან. თუ მათ ასეთი შეგრძნება გაუჩნდებათ, რომ ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები არიან, შეიძლება ხალხს გადაუყვარდეს კიდეც. ამიტომ გაუფრთხილდნენ თავიანთ ავტორიტეტს. პოპულარობას ფასი აქვს მანამდე, სანამ ისინი ლაპარაკობენ თავიანთ საქმეზე და იმ პრობლემაზე, რაც ხალხს აწუხებს. როგორც კი დაიწყებენ ტრაბახს, ან ხელისუფლების გადაჭარბებულ ქებას, ეს მათთვის საზიანოა. ამას მიაქციონ ყურადღება.

პოლიტიკოსები, ასე თუ ისე, მაინც ემზადებიან არჩევნებისთვის. ისედაც ჩამკვდარ და ერთფეროვან ქართულ პოლიტიკას, სადაც მესამე ძალა ვერაფრით გამოჩნდა, რამდენად დააზიანებს კოვიდსიტუაცია და რამდენად ჩაკვდება ჩვენი პოლიტიკა საერთოდ?

- აქ მოხდება ერთი რამ, წნევა იმატებს და ის, რაც გასაკეთებელი იყო ერთ თვეში, პარტიებს მისი გაკეთება მოუწევთ სამ თვეში. დაახლოებით ეს იმის მსგავსია, სკოლებში რასაც სწავლობდნენ ბავშვები 9 თვეში, ახლა მოუწევთ მისი სწავლა 6 თვეში. ასევეა პოლიტიკაშიც, უფრო შემჭიდროებულ ვადებში პოლიტიკოსებს მიეცემათ საშუალება მთელი დაგროვილი პოლიტიკური აგრესიის გადმონთხევის. საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნები ვერ ჩატარდება. მას შემდეგ, რაც საგანგებო ვითარება დასრულდება, მინიმუმ, 60 დღე ექნებათ არჩევნებამდე, რომ თავიანთი არგუმენტები გამოხატონ, როგორც ნეგატიური, ანუ ხელისუფლების კრიტიკის თვალსაზრისით, ასევე, პოზიტიური თვალსაზრისით, საკუთარი ხედვებისა და გეგმების წარმოდგენის თვალსაზრისით. 60 დღეში ამის ჩატევა სავსებით შესაძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, სოციალური რისკებისა და ეკონომიკური დეპრესიის თვალსაზრისით. ამიტომ ოპოზიციას სალაპარაკოს მეტი რა ექნება? ახლა ყველაფერი ჩაიწერონ, რომ არ დაავიწყდეთ, დააკონსპექტონ და მერე დადგნენ მიკროფონებთან და წაიკითხონ თავიანთი კონსპექტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ერთი უყურეთ ამ უტიფარს როგორ ალაპარაკდა მედიცინის მუშაკების ნარცისიზმზე - " ამ აზრს არ გავიზიარებ, ამ ხალხს პატივს ვცემ, მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუმცა გარკვეული ნიშნები ბოლო პერიოდში გაჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშებს თამაშობენ, ასე არ არის, უბრალოდ, მათ მოეწონათ, რომ ისინი პოპულარულები არიან და, ცოტა არ იყოს, ნარცისიზმის მოტივები გაჩნდა მათ ქმედებებსა და განცხადებებში..."
თუ ვინმე ნარცისიზმით და მუცლითმეზღაპრეობით არის დაავადებული ეს ბატონი ხუხაშვილი და ქალბატონი ემა ტუხიაშვილი არიან!
4 წლის უკან
სერმინე მართლაც უტიფარი, მაგრამ ჭკუას ეკითხებიან და...
4 წლის უკან
Maverick აბა რა გეგონათ?!
ხუხა, რისი ხუხაა, ხუხიზმებით რომ არ "დაგვმოძღვროს"?!
სარკე არა აქვს, რომ ჩაიხედოს და კითხოს "ზერკალო, ზერკალო, სკაჟი მნე კტო ..." და ა>შ.
4 წლის უკან