საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის გახსნა 15 ივნისიდან იგეგმება, 1 ივლისისთვის კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მისაღებად უნდა მოემზადოს - ასეთია მთავრობის ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა. 1 ივლისისთვის ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე საჰაერო ფრენები ეტაპობრივად უნდა აღდგეს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს. ამასთან, COVID-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად - წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფა განიხილება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ქვეაყანამ რისკები უნდა მართოს.
„ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია, პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.
დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებითაც შეიძლება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, ბოლომდე დადგენილი არ არის. იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, პირველ ივლისს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზად იქნება მიიღოს საერთაშორისო ტურისტები. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების“ შესაბამისად და ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა.
„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით, რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ, გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს.
„აირზენას“ შემთხვევაში სულ მცირე ორი მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ახლა ველოდებით მათგან მიმართულებების „შორტლისტს“, სადაც დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება, ტურისტი შემოიყვანონ საქართველოში და მიმართულებებს გავყვებით ასევე ქვეყნებთან მოლაპარაკებებში. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან. გვინდა, ჩვენთან შემომავალი ევროპელი ტურისტი მაქსიმალურად მოვიზიდოთ. ამისთვის კონკრეტულ გეგმას განვახორციელებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ახლა ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს კორონავირუსთან დაკავშირებული ეს მოცემულობა და კარგი ციფრები როგორ გადათარგმნოს მოგებაში და ტურისტების ნაკადის შემოყვანაში. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შეთავაზების პაკეტი უცხოელი ტურისტებისთვის.
„ამ თვალსაზრისით, მართლა დავაგვიანეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს შეთავაზების პაკეტები უცხოელი ტურისტებისთვის. რა ბენეფიტს ვთავაზობთ საქართველოში ჩამოსვლით, გარდა იმისა, რომ საქართველოში კარგი ციფრებია, ნაკლებად არის კორონავირუსი გავრცელებული, ისევე როგორც ლეტალური შემთხვევები ნაკლები გვაქვს. ახლა ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ეს მოცემულობა და ეს ციფრები როგორ გადათარგმნოს მოგებაში და ტურისტების ნაკადის შემოყვანაში.
თითო დაკარგული დღე, ჩათვალეთ, რომ ათი ათასობით დაკარგული ტურისტია. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს ბენეფიტების პაკეტი, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე შიდა მომხმარებლისთვის და მეორე - სასწრაფოდ უნდა დაიდოს და გავრცელდეს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვირუსისგან დაცვის, უსაფრთხოების დაცვის რა მექანიზმებს ვთავაზობთ უცხოელ ტურისტებს, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით დასვენების მოსურნეებს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მთავრობის მხრიდან ეკონომიკის სექტორებად დაყოფა და მხოლოდ ტურიზმის სექტორის დახმარება, „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, პრინციპულად არასწორია, რადგან კრიზისი შედეგად ეკონომიკა მთლიანად დაზარალდა. ბაქრაძის თქმით, გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, თუმცა მისით განსაზღვრული ღონისძიებები არასაკმარისია.
„წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ, მთლიანობაში, გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი. პირველ რიგში, ეკონომიკის ასე სექტორებად დაყოფა მიგვაჩნია არასწორად, ვინაიდან, კრიზისი ურტყამს მთლიან ეკონომიკას და ეკონომიკის ყველა სექტორს. ამიტომ, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დამატებით შეღავათებზე. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არამარტო ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნესსუბიექტს. საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორად მიმართული, მაგრამ სანახევრო და აქედან გამომდინარე, არასაკმარისი ნაბიჯი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მთავრობას ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, მთავრობაში რაღაცას ყვებიან, რაღაცას გვპირდებიან და არაფერი კეთდება.
„ნებისმიერი სიტყვა, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, ამის უკან რაღაც ღონისძიება დგას - ან ბიუჯეტს აკლდება ფული, თუნდაც საგადასახადო შეღავათის კუთხით, ან ბიუჯეტიდან გაიცემა ფული, თუნდაც სუბსიდირების სახით. ეს ჩვენ არ ვიცით. ვხედავთ, რომ მთავრობაში რაღაცას ყვებიან, ყვებიან, რაღაცას გვპირდებიან და არაფერი კეთდება. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ის, რასაც გვთავაზობენ და რასაც ყვებიან, მაგრამ დღემდე, რაც მათ უთქვამთ, არაფერი შესრულებულა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
დროის სატარებლად ჩამოსული ადამიანი რესტორანში რა წესებსაც დაიცავს კარგადაა ცნობილი. ნიღბებით იქეიფებენ და ორ მეტრიანი დისტანციით იცეკვებენ ტანგოს ხომ?!
ისევ შიშის იმედზე უნდა ვიყოთ, იქნებ ჭკუა იხმარონ და არ ჩამოვიდნენ თორემ, ჩვენ მართლა თუ დაგვამწყვდევენ და ისინი იგულავებენ თორემ დიდი საფრთხე გველის.
ფულს სუნი არ აქვსო. არც შიში ჰქონია. აგერ ინტერაქტივის შედეგები გამოაცხადეს და 73% ტურიზმის აგრაილების მომხრეა. ესენი ფულს იშოვნიან და მერე თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩნილა. ამ სასტუმროების ბიზნესს უნდა შეეწიროს ქვეყანა?
ფუქსავატობაზე დაფუძნებული, განვითარებული ეკონომიკა რომელიმე ქვეყანას გააჩნია? თუ ატლანტის კუნძულებზე ვიღებთ ორიენტაციას?