პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (სეიმმა) ზედა პალატის (სენატის) ვეტო გადალახა და კორონავირუსის ეპიდემიის გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის ფოსტით მიცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი Rzeczpospolita იტყობინება.
კანონპროექტს სეიმის 236-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუშინ ქვეყანაში ხმის მიცემის გადადება გადაწყვიტეს. ახალი თარიღი ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა სავარაუდოდ არჩევნები ივნისში ან ივლისში გაიმართება.
სეიმმა კანონპროექტი ჯერ კიდევ 6 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც დოკუმენტი სენატში გადავიდა განხილვაზე, სადაც მას 5 მაისს მხარი არ დაუჭირეს. თუმცა სეიმმა სენატის ვეტო ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადალახა.