ვიცე–პრემიერი მიხეილ სააკაშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს პირველი მოადგილე გიზო უგლავა; სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე – ასეთი იყო საკადრო ცვლილების გეგმა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი, რომელიც ასევე ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით კონსულტაციას უწევდა უკრაინის მთავრობას და ჯანდაცვის მინისტრს, for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ შმიგალს არ მოსწონდათ ეს იდეა და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გაგზავნეს დეპუტატებთან სასაუბროდ, კულუარებში სხვა გზავნილები გაუშვეს საკუთარ პარლამენტარებთან.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
სააკაშვილი ვერ გახდა უკრაინის ვიცე–პრემიერი. მიმდინარე პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილება, თითქმის, მიღებული ჰქონდა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმაღლესი რადადან სააკაშვილის დანიშვნის ინიციატივა უკან გაიწვია. რეალურად რა მოხდა?
ირაკლი გოგავა: ზელენსკიმ ბოლო პერიოდში გადააყენა სოროსის და ლიბერალების მიერ რეკომენდირებული კადრები: პრემიერი გონჩარუკი, რამდენიმე მინისტრი, საგადასახადოს უფროსი, საბაჟოს უფროსი და აღსანიშნავია, რომ ეს წმენდა იანვრის ბოლოს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. მომწიფებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არტიომ სიტნიკის გადაყენება.
მართალია, უკრაინაში სოროსის პროტეჟეების ერთგვარი წმენდა ჩატარდა, თუმცა ალაგ–ალაგ მაინც შემორჩნენ. ამ ფონზე სააკაშვილის ვიცე–პრემიერად დანიშვნას უშუალოდ ლობირებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი, ხოლო პროპაგანდისტულ მხარდაჭერას მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია აწარმოებდა. ვფიქრობ, დაკვეთა უცხოეთიდან იყო.
სააკაშილის ვიცე–პრემიერად დანიშვნის მიზანი რა იყო?
– გეგმა იყო შემდეგში: სააკაშვილი მიდიოდა ვიცე–პრემიერად, სააკაშვილის კადრი გიზო უგლავა გადავიდოდა ანტიკორუფციული ბიუროს პირველი მოადგილის თანამდებობიდან ამავე ბიუროს უფროსის პოსტზე, ხოლო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელად კი დავით საყვარელიძე უნდა დანიშნულიყო. ეს სამეული ფულიან ხალხს დაერეოდა და რეფორმების სახელით მათ გაძარცვავდა. დაახლოებით ისე, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა მათი მმართველობის დროს.
საქართველოში აღძრული იყო ასეულ ათასობით სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც გამტყუნდა 99,99% და აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა საპროცესო გარიგებით, ანუ ფულის გადახდით. მილიარდები ამოიღეს მაშინ ხალხისგან. ტყეში შეშაზე შესულ გლეხს 5000 ლარიან საპორცესოს უფორმებდნენ და წარმოიდგინეთ, ბიზნესმენებს რამდენს სძალავდნენ. ეს თანხები კი რაღაც საქველმოქმედო ფონდებში და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ოფშორებში ირიცხებოდა. მსგავსი სქემის ამუშავებას აპირებდნენ უკრაინაშიც.
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამკვეთი?
– სააკაშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ძალებთან თანამშრომლობდა. 2003 წელს ის რუსებთან გარიგდა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარნენ. სოროსთანაც და ამერიკელ ნეოკონსერვატორებთან შეხმატკბილებული იყო. შემდეგ კონფლიქტები ჰქონდა პუტინთან, სოროსთან. მაკკეინიც უკმაყოფილო იყო, რადგან 2008 წელს ომი ვერ გაუწელა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა, ეს არ გამორიცხვას მისი ამ ძალებთან კვლავ თანამშრომლობის ვარიანტს.
რამდენიმე წლის წინ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი გამოიჭირა რუსეთის ფსბ–ს მფარველობის ქვეშ მყოფი დევნილი უკრაინელი ოლიგარქის კურჩენკოს ფულით საპროტესტო აქციების დაფინანსებაში. ამის დამადასტურებელი სატელეფონო საუბარი უკრაინის პროკურატურამ გამოაქვეყნა და ფულის გადაცემის მომენტიც აღბეჭდეს. სააკაშვილი სწორედ ამიტომ დარბოდა სახურავზე. ჩემს მიერ დასახელებული ძალებიდან ნებისმიერი შეიძლება იყოს სააკაშვილის დანიშვნის დამკვეთი. ყველას თავისი ინტერესი აქვს.
უკრაინას შერჩა სერიოზული აქტივი – მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მიწა. 40 მილიონ ჰექტრაზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწა, რომლის დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია და მიდის დიდი პრესინგი, რომ ეს აქტივი გააყიდინონ. მიიღეს კიდეც კანონი და მომავალი წლიდან დაიწყება გასხვისება. ამ ყველაფერს კი სწორი პიარი და მენეჯმენტი უნდა, რადგან სხვა შემთხვევაში, ხალხი მიხვდება, რომ ძარცვავენ და ბუნტი იქნება. შესაძლოა, მიწის გაყიდვის „გასაპრავებლადაც“ სჭირდებოდეთ სააკაშვილი. თუ 1 ჰექტარის ფასს $5000–ად ვიანგარიშებთ, საქმე $200 მილიარდიან აქტივს ეხება, რომლის ხელში ჩაგდება ძალიან ბევრს სურს. შედარებისთვის 1 ჰექტარი მიწის ფასი პოლონეთში $7000-ია, ხოლო ჰოლანდიაში 60,000 ევრო.
თუ დაკვეთა უცხოეთიდან იყო და არსებობდა კონკრეტული გეგმა, მაშინ რატომ ჩაიშალა სააკაშვილის დანიშვნა ვიცე–პრემიერის პოსტზე?
– ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ შმიგალს არ მოსწონდათ ეს იდეა და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გაგზავნეს დეპუტატებთან სასაუბროდ, კულუარებში სხვა გზავნილები გაუშვეს საკუთარ პარლამენტარებთან – ეს პარლამენტარებისგან უშუალოდ ვიცი. პრეზიდენტს ან პრემიერს რომ სდომოდათ სააკაშვილის დანიშვნა კლასიკური პოლიტიკური ტექნოლოგიების მიხედვით, ეს შემდეგნარიად უნდა გაეკეთებინათ: 1. ზელენსკის და სააკაშვილს უნდა გაემართათ ერთობლივი ბრიფინგი ან მედიაში შეხვედრის კადრები მაინც გაეშვათ; 2. მმართველი პარტიის დეპუტატებთან უნდა მისულიყვნენ პრეზიდენტი ან პრემიერი, ან ორივე ერთად სააკაშვილის წარსადგენად; 3. პარლამენტი დაამტკიცებდა პოსტზე. ასე არ გაკეთდა, არც ერთი მხარდამჭერი კომენტარი პრეზიდენტისგან ან პრემიერისგან არ ყოფილა. გამოვიდა, რომ სააკაშვილი აკენწლეს, აპამპულავეს და ბოლოს საერთოდ გადაიფიქრეს მისი დანიშვნა, იმ საბაბით, რომ 450 კაციან პარლამენტში მხოლოდ 100 ხმა გროვდებოდა. პრეზიდენტს თუ ძალიან სურს, შეუძლია ის დანიშნოს ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად და ამ შემთხვევაში პარლამენტის დასტური არ არის საჭირო.
მაგალითად, უკრაინის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ულიანა სუპრუნი მოვალეობის შემსრულებელი იყო და წლები იმუშავა ასეთი სტატუსით. თუმცა უკრაინის კანონმდებლობით სახელმწიფო მოხელედ არ შეიძლება ნასამართლევის დანიშვნა.
საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ მწვავედ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ამ შესაძლო დანიშვნის მიმართ. რამდენად პროპორციული იყო ხელისუფლების რეაქცია?
– დიახ. მკვეთრი და მკაფიო განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმაც, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემ. ეს უდავოდ დროული და ეფექტური იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შევიფაროთ მათი დევნილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ვიცე–პრემიერად დავნიშნოთ... ეს აბსოლუტურად იდენტური სიტუაციაა. ორივე დამნაშავეა, ორივეს მისჯილი აქვს, ორივემ გაძარცვა საკუთარი ხალხი, ორივე დიქტატორი იყო და ორივე ძებნილია. ჩვენ ვუფრთხილდებით უკრიანასთან ურთიერთობებს და იგივეს ველით მათგან.
უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ. რამდენად ადეკვატური იყო თქვენი აზრით მისი განცხადება?
– ბატონი არახამია 2015 წლამდე საქართველოს მოქალაქე იყო, ის აფხაზეთიდან არის წარმოშობით და საქართველო მისი ისტორიული სამშობლოა. თავის განცხადებაში ის ერთგვარი ცინიზმით ამბობს, რომ საქართველოს პოზიციას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ ამერიკა არ არისო. არ მგონია, კაცი, რომელიც თავის ისტორიულ სამშობლოს ცინიზმით მოიხსენიებს, ახალ სამშობლოს, ანუ უკრაინას გამოადგეს. ვფიქრობ, რომ ამას უკრაინელებიც ხვდებიან.
რა ბედი ელის სააკაშვილს უკრაინაში?
– დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება ანუ ზელენსკი–კოლომოისკის ტანდემი სააკაშვილთან ვალშია. ის დაეხმარა მათ პოროშენკოს დამარცხებაში. ეცდებიან, რაღაც გამოუძებნონ. თავად სააკაშვილ ოდესის მერობაზეც სურს კენჭისყრა, თუმცა რეიტინგით ვერ ქაჩავს, მოქმედი მერი სოლიდურად უსწრებს. ბოლოს როცა ვნახე მისი რეიტინგი უკრაინაში 0.34% იყო. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.