მოსკოვის მერის განცხადებით, კორონავირუსით ქალაქის მოსახლეობის 2%-ია ინფიცირებული

მოსკოვის მერის განცხადებით, კორონავირუსით ქალაქის მოსახლეობის 2%-ია ინფიცირებული

მოსკოვში კორონავირუსით მოსახლეობის 2 პროცენტია ინფიცირებული. ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„მოსახლეობიდ სხვადასხვა ჯგუფის სქრინინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ინფიცირებულთა რეალური რიცხვი მოსახლეობის რაოდენობის 2%-ს აღწევს. მსოფლიო ქალაქებს შორის ეს მინიმალური მაჩვენებელია. დისციპლინამ და თვითიზოლაციის წესების დაცვამ ინფექციის გავრცელების შეჩერება შეძლო“, - განაცხადა მოსკოვის მერმა.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში კორონავირუსის 57 300 შემთხვევაა დაფიქსირებული, 5766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 658 კი გარდაიცვალა. ქალაქში თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, სახლიდან გასასვლელად მოქალაქები ელექტრონული საშვებით სარგებლობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.