„თუ მკითხავთ - შეიძლება სააკაშვილის პერსონის ინიცირებაში რუსული კვალი ვნახოთ? - რასაკვირველია...“

„თუ მკითხავთ - შეიძლება სააკაშვილის პერსონის ინიცირებაში რუსული კვალი ვნახოთ? - რასაკვირველია...“

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი ჩავარდა. უკრაინის უმაღლესმა რადამ სააკაშვილის კანდიდატურა თავშივე უარყო. ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პერსონის წარდგენის ინიციატორმა, თავიდანვე თამაშგარე მდგომარეობა არჩია. ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს შორიდან უყურებდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნას „ვიღაც“ სთხოვდა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რთულია ერთმნიშვნელოვნად იმისი თქმა, თუ ვინ ლობირებდა სააკაშვილის კანდიდატურას, თუმცა ფაქტია, რომ ზელენსკი ეს ნამდვილად არ იყო.

მამუკა არეშიძე: დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში, აქტიურად მონაწილეობენ ტრანსნაციონალური ჯგუფები, რომელთაც აქვთ არა პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-ინტერესები. ხშირ შემთხვევაში, მათი ინტერესები სხვადასხვა თემის გარშემო ჯგუფდება. შესაძლებელია, მათი ქვეყნები, რომელთაც ისინი წარმოადგენენ, იყოს ერთმანეთთან პოლიტიკურ კონფრონტაციაში, მაგრამ ერთმანეთს ემთხვეოდეს მათი ინტერესები. ამ ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ ჯგუფებში, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს გარკვეული ლობისტური ჯგუფი, რომელიც მასზე აკეთებს ხოლმე აქცენტს. მე მგონია, რომ ამ ჯგუფების ინიცირებული იყო ამ კანდიდატურისთვის ასეთი მაღალი პოსტის შეთავაზება. მე ვფიქრობ, ზელენსკი ვერ ერევა კორუფციას, მიუხედავად იმისა, რომ ის სწორედ ამ ლოზუნგით მოვიდა. ამიტომ, მისთვის მისაღები იყო ასეთი ტიპის პოლიტიკური თამაში.

ზელინსკის თამაში იქიდანაც ჩანს, რომ, როდესაც მისი გუნდის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, მისი ფრაქციის შემადგენლობამ ამ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, ამ ტესტირების პროცესში. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ზელენსკის მაინცდამაინც არც უზრუნია ამ საკითხზე.

არ უზრუნია თუ, შესაძლოა, არ აქვს იმხელა გავლენები, რომ სააკაშვილის კანდიდატურა გაეტანა? ეს ხომ მის იმიჯსაც ურტყამს?

- ზელენსკის თავის პარტიაში იმხელა გავლენა კი აქვს, რომ თუ მკაცრად დააყენებდა საკითხს, გაიტანდა, მაგრამ არ მოინდომა, როგორც ჩანს. როგორც ვრწმუნდებით, ამ ინფორმაციის მიზანი იყო, ჩაეტარებინათ ტესტირება საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. სხვათა შორის, ქართული მხარის გარდა, ბევრმა არ მოუწონა ეს გადაწყვეტილება, ზოგმა კულუარულად, ზოგმაც ღიად, ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს. იმიტომ კი არა, რომ იქ ვიღაცას სააკაშვილი არ მოსწონს, პოლიტელიტის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, მიხეილ სააკაშვილი რომელი გუნდის ინტერესებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მათ არ სჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც ამ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება უკრაინაში.

ეს რა ჯგუფია?

- რაც შეეხება იმას თუ რა ჯგუფია ეს, მე გამიჭირდება სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ თუ მკითხავთ - შეიძლება იქ რუსული კვალი ვნახოთ? - რასაკვირველია, შესაძლებელია. შესაძლებელია გავიგოთ ზოგიერთი ამერიკული გვარი, შეიძლება გავიგოთ ზოგიერთი ევროპული მედიის დამფუძნებლის გვარი, თუმცა კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ. ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ სენატის წარმომადგენლები ვიცით, რა დღეში ჩავარდნენ „ფრონტერას“ გამო, იმიტომ, რომ როგორც ირკვევა, „ფრონტერა“ მათ საარჩევნო მარათონს აფინანსებს და უხდიდა ფულს ლობისტურ საქმიანობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კი ლობისტური საქმიანობა არ არის კანონით აკრძალული. ანუ, კანონის თვალსაზრისით, მათ არაფერი დაურღვევიათ, უბრალოდ ტყუოდნენ. ამით მე მინდა იმისი მინიშნება, რომ ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაში სამწუხაროდ ხდება.

თუ რაში სჭირდებოდათ მიხეილ სააკაშვილი, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ამ ფიგურას იყენებდნენ ფარული საქმიანობისთვის. სააკაშვილის ფიგურა ძალიან კარგად იცის მან, ვინც მის ლობირებას ახდენდა. ჯერ ერთი, სააკაშვილი მათ მადლობას გადაუხდიდა, ანუ მათი ფინანსური თუ ბიზნეს-ინტერესები დაცული იქნებოდა, მაგრამ მეორე ნაწილისთვის, რომელიც, ვთქვათ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება, არ არის გამორიცხული, რომ სჭირდებოდეს ისეთი სკანდალური პიროვნება, რომელიც მესამე კაცობას არ შეურიგდება. სააკაშვილი, ნებისმიერი მოვლენის დროს, ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო პირველი. ამიტომ, ის რომ ყოფილიყო ვიცე-პრემიერი, ორი-სამი თვე კი დაკავდებოდა იმ კორუფციასთან ბრძოლით, მაგრამ მერე უკვე მოინდომებდა პრემიერის ფუნქციების გადაბარებას, შემდეგ არ არის გამორიცხული პრეზიდენტის საქმეებშიც ჩარეულიყო და ასე შემდეგ.

გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული?

- ასე ვთქვათ, საქართველოს ინტერესებსაც გაუწია ანგარიში. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ანალოგია - საქართველოში მაცხოვრებელი უკრაინელი ოლიგარქი, რომელმაც მოინდომა პოლიტიკაში მოსვლა, საქართველოს მხარემ გაითვალისწინა ოფიციალური კიევის აზრი და ძალიან დელიკატურად თავიდან აირიდა. მაგრამ, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გადამლაშება გვიყვარს ხოლმე. მარტო საქართველოს გულისთვის არ მომხდარა ეს ამბავი, იქ სხვა ინტერესებიც დაეჯახა ერთმანეთს რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დაბლოკა. თუმცა ვიმეორებ, ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნა მაინცდამაინც არც უნდოდა. ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის კორუფციასთან ბრძოლის იმიჯი არის ყურით მოთრეული. იმიტომ კი არა, რომ საქართველოში პირველ პერიოდში არ იბრძოდა კორუფციის წინააღმდეგ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა 2003-2004 წლებში. მართალია, ძალისმიერი, მართალია, ყოველგვარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფონზე, მაგრამ გადადგა და მანდ დამთავრდა ყველაფერი. როგორც კი თავისიანებით დაიწყო ახალი კორუფციული სისტემის შექმნა, კორუფციასთან რეალისტური ბრძოლა დამთავრდა. მაგრამ ასეთი იმიჯი შეუნარჩუნდა და ამ იმიჯით სპეკულირებს მავანი.

ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო ზელენსკის დარწმუნება, საზოგადოების დარწმუნება (მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ახერხებს უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში იყოს), იმ ადამიანების დარწმუნება, ვინც ქმნიან ევროპულ პოლიტიკას და მათ შორის უკრაინულსაც, ასე მარტივი არ არის. კი, არსებობს ლოგიკა იმაში, რომ დონორებს, რომლებიც აფინანსებენ უკრაინას, სჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, თვალს გაადევნებს მათი ფულის ხარჯვას, რადგან დონორების ფულის დიდი ნაწილი პოროშენკოს და მისი წინამორბედების რეჟიმის დროს უკვალოდ იკარგებოდა და იმ პროექტებს არ ხმარდებოდა, რისთვისაც ეს დონორები ფულს იხდიდნენ. სააკაშვილის ფიგურა ვითომ ამისთვის უნდა ყოფილიყო გამოსადეგი, მაგრამ ეს ინფორმაცია უბრალო ადამიანებზეა ორიენტირებული.

საარჩევნო წელია და სააკაშვილის გავლენა როგორი იქნება ქართულ პოლიტიკაზე, ფაქტია, მას ჯერ კიდევ ჰყავს თავისი მხარდამჭერები. მედიაში, სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურობს და შეძლებისდაგვარად პროცესებშიც არის ჩართული

- სააკაშვილის სატელევიზიო აქტივობა არის გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული. რაც უნდა ილაპარაკოს, ის არის ორიენტირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა ჯგუფზე, რომელიც არის 10-15%, დანარჩენისთვის ის საინტერესო არ არის. საინტერესო არ არის არა მარტო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სააკაშვილი მისაღები არ არის, არამედ მათთვისაც, ვისთვისაც სააკაშვილი თავის დროზე მისაღები იყო. დღეს სააკაშვილი მათთვის, პირიქით, ხელის შემშლელი გარემოებაა. მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებს, რადგან ის ართმევს მათ ამომრჩევლებს. ეს არის ის ამომრჩეველი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, არ უნდა, განწყობილია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ვერ გაუგია ვის დაუჭიროს მხარი, სააკაშვილი კი მათ ხელს უშლის.

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ოპოზიცია უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ შესაძლოა, არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს...

- ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვით დამთავრდა, მაშინ ასწრებენ კონსტიტუციურ შესწორებებსაც და საარჩევნო პროცესის დაწყებასაც. თუ იმ ტემპში წავიდა პროცესები, როგორიც დღეს არის, ვფიქრობ, უნდა მოესწროს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენთან ისეთი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

ხელისუფლება თუ შეინარჩუნებს ამ რეიტინგს, მის ინტერესებშიც არ შედის არჩევნების თარიღის გადაწევა, მაგრამ ფაქტია, რომ შექმნილი მდგომარეობით თანდათან ბევრი უკმაყოფილო ადამიანია..

- დღეს ხელისუფლება არის გამარჯვებული. რასაკვირველია, როდესაც ანტიკრიზისული გეგმა ამუშავდება, შეიძლება ბევრი იყოს უკმაყოფილო, მაგრამ ვიცი, რომ ამ გეგმის შემდეგი ეტაპის გეგმა მზადდება. თუ ხელისუფლებამ მოახერხა თავისივე გადაწყვეტილებების სწორი მენეჯმენტი, მაშინ ის მდგომარეობა რაც დღეს არის, შენარჩუნდება და წესით, არანაირი არჩევნების გადადება ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. რაც უფრო შორს გადაიდება არჩევნები, მით უფრო დამუხრუჭდება ქვეყნის განვითარების პროცესი. ასე რომ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გაუთავებელი საუბარი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ეს კეკლუცობა.

ანტიკრიზისული გეგმის თქვენეული შეფასება როგორია, ყველაზე მეტი ჩავარდნა სად აქვს ხელისუფლებას?

- იქ არის ისეთი ადგილები, სადაც ზოგი რამ გაუთვლელი იყო. ზოგიერთი არის ძალიან არამყარი იმიტომ, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია კმაყოფილდება და რაღაც არა. მე მესმის, რომ ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავრდნენ. იყო გამორჩენილი ზოგიერთი კატეგორიები, მაგრამ ყველას გათვალისწინებაც წარმოუდგენელია. ახლა ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად დახვეწონ და გამჭვირვალე გახადონ. ხელისუფლების ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება საზოგადოების დიდი მასები მოიცვან, შესაძლოა ფული არ იყოს, მაგრამ აქ ყურადღების ელემენტი იყოს გადამწყვეტი. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ მომავალზე, ახლა მოდის ზაფხული და შემდეგ იქნება ძალიან რთული მდგომარეობა, პირველ რიგში, მე მაინტერესებს, რა მოხდება ზაფხულის მეორე ნახევრიდან შემოდგომამდე, ანუ რა რესურსით, რა ბეღლით მივალთ ზამთრამდე. თუ არ გადაიდგა სწორი ნაბიჯები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით და რაც დღეს კეთდება, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

 

 

 

ზაზა რა მაგარი 007 ყლე ხარ
4 წლის უკან