„როგორ დაამარცხა კორონავირუსი ახალმა ზელანდიამ“, - სტატიას ამ სათაურით CNN-ი აქვეყნებს.
გამოცემის ჟურნალისტი იმ ზომებს და შეზღუდვებს მიმოიხილავს, რომელთა დამსახურებითაც ქვეყანამ კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადა.
ორშაბათს, 5-კვირიანი კარანტინის ბოლო დღეს ქვეყანაში COVID 19-ის მხოლოდ 1 შემთხვევა დადასტურდა. მეორე დღეს კი სამსახურებს 400 ათასამდე ადამიანი დაუბრუნდა და ახალი ზელანდიის ეკონომიკა 75%-ით ამუშავდა.
სტატიის ავტორის თქმით, ახალი ზელანდიის წარმატება პირველ რიგში პირველი შემთხვევის დაფიქსირების დროით არის განპირობებული. ეს 28 თებერვალს მოხდა, 1 თვით გვიან ვიდრე აშშ-ში. დადებითად ქვეყნის გეოგრაფიულმა განლაგებამაც იმუშავა.
„თუმცა ახალი ზელანდიის წარმატების რეალური გასაღები შემდეგი მიდგომაა: სწრაფი რეაქცია, მასობრივი ტესტირება და აქცენტი ნამდვილ მეცნიერებაზე“, - წერია სტატიაში.
ავტორი განმარტავს, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმა, ჯასინდა არდერნმა ყველა ჩამომსვლელისთვის ორკვირიანი კარანტინი 14 მარტს დააწესა, როცა ქვეყანაში მხოლოდ 6 ინფიცირებული იყო. როცა არდერნმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებაზე განაცხადა უარი, 19 მარტს, დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 28-ს მიაღწია.
რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო მონაცემებით დღეში 8 ათასამდე ადამიანის ნიმუში მოწმდება, რაც ვირუსის დაუფიქსირებელი გადაცემის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.
წარმატების მესამე ფაქტორი კი პროფესიონალებზე დაყრდნობაა. CNN-ის თქმით, გადაწვყეტილებების მიღებისას არდერნი ეპიდემიოლოგების რჩევებს ეყრდნობოდა.
წარმატების მიუხედავად, არდერნმა პრევენციის მიზნით კარანტინი კიდევ 4 დღით გაახანგრძლივა. მის გადაწყვეტილებას მოსახლეობის 87% უჭერს მხარს.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1476-ს შეადგენს, გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.