აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კანდიდატურას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„უამრავ სხვა ხმას, ვინც მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენს, ჩემი ხმა მინდა დავუმატო“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის თქმით, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა და მას პატივი ჰქონდა ჯო ბაიდენთან ერთად ემუშავა.
„ვიცი, თუ როგორ შეუძლია ჯო ბაიდენს ხალხის გაერთიანება. ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ ლიდერი გვჭირდება, ისეთი პრეზიდენტი გვჭირდება, როგორიც ჯო ბაიდენია“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ყრილობა ივლისის თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო აგვისტოში გაიმართება.