სააკაშვილი ისევ უკრაინის რიგით მოქალაქედ დარჩა

სააკაშვილი ისევ უკრაინის რიგით მოქალაქედ დარჩა

უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ვიცე–პრემიერი ვერ გახდა. უმაღლესი რადადან სააკაშვილის ვიცე–პრემიერად დანიშვნის ინიციატივა უკან გაიწვიეს. უკრაინული სააგენტო „ცენზორ ნეტის“ რედაქტორის ინფორმაციით, სააკაშვილის დანიშვნა ფრაქციაში „ხალხის მსახური“ დაბლოკეს. როგორც „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი წერს, ფრაქციაში სააკაშვილის ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნისთვის 248 ხმიდან, 140–170–მდე ხმის მოგროვება შეძლეს.

ამასთან, სააგენტოს რედაქტორის ცნობით, პრეზიდენტის ოფისი აცნობიერებს, რომ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება, ამიტომ ზელენსკი ფიქრობს, თუ რა შესთავაზოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ერთ–ერთ ვარიანტად განიხილება მიხეილ სააკაშვილის ოდესაში პარტია „ხალხის მსახურის“ მერობის კანდიდატად წარდგენა. ამას გარდა, რედაქტორის ცნობით, განიხილება გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძის დანიშვნის იდეა, რომელიც თავად პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკანონო იქნება, რადგან ის გასამართლებულია საქართველოში. უკრაინული მედია შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს – უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ნასამართლეობის ვადა არ აქვს მოხდილი ან გაუქმებული.

22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, რასაც დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება უმაღლეს რადას უნდა მიეღო, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბრალდებული სააკაშვილი რეფორმების სერიას აანონსებდა, თუმცა სააკაშვილის ოცნება უშედეგო აღმოჩნდა.

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული : 1– სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);

2 – 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე; 3 – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; 4 – ვალერი გელაშვილზე თავდასხმა – ასეთია საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეთა კრებული.

უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს წერილით მიმართა. დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს წერს, რომ ვიდრე 30 აპრილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ, ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

ვალერი გელაშვილი უკრაინელ კოლეგებს ახსენებს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე სისხლის სამართლის საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი, რომელთაგან ერთ–ერთი სწორედ თავად მასა და მის ოჯახს ეხება.

„მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომლისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა!

მომიგზავნა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს.

ჩემი ისტორია არ არის გამონაკლისი და ის იმ ათობით ათას ქართველს მიეკუთვნება, ვისაც ჯალათმა სააკაშვილმა და მისმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა მმართველობამ არნახული ტერორი გამოატარა. არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა ათასობით ოჯახი, ბიზნესი და ქონება წაართვა პრაქტიკულად ყველას, ვინც მას არ შეეკრა. საქართველოს ციხეები გადაავსო ნაწამები პატიმრებით. ამ საქმეების გარდა, სააკაშვილი იმხილება უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებში, იგი ოფიციალურად არის ბრალდებული 8 მილიონზე მეტი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში“, – წერს ვალერი გელაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის „რადადან“ მიხეილ სააკაშვილის ვიცე–პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ. როგორც ბარამიძე აცხადებს, სააკაშვილის შეხვედრამ ფრაქცია „გოლოსთან“ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

„ნამდვილად ვერ დავადასტურებ აღნიშნულს, ვინაიდან ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ეს ასე რომ იყოს, მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ დამალავდა და გადაწყვეტილებას ცხადია, საზოგადოებას აცნობდა. ხოლო რაც შემიძლია დავადასტურო და რაც ნამდვილად მოხდა არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში, რადაში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქცია „გოლოსთან“. ეს პარტია ფორმალურად არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ საკმაოდ რეფორმატორულად განწყობილი დეპუტატთა კორპუსი ყავს. ბევრია ახალ პოლიტიკოსებში ისეთი, ვისაც უკრაინაში რეფორმების განხორციელება უნდა, მაგრამ ასევე ბევრი არის, ვისაც ეს არ აწყობს.

ამიტომ არის, რომ უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ იმ კორუფციის ჭაობშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინაში ძალიან ბევრი ოლიგარქია, ოლიგარქიული სისტემაა და ეს პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტა ხეირობს ამ სიტუაციით და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ამ ძალებისგან არის უზარმაზარი. ამიტომ სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ახლა მიშას ხშირად ეძახიან, პოლიტიკური „ბულდოზერი“, რომ ეს კორუფციული სისტემა გაიწმინდოს და ბუნებრივია, პირველი ბრძოლა სწორედ ახლა გაიმართება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვა არაკორექტულია და ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს.

„მე და ჩვენს გუნდს პრინციპულად არასწორად, არაკორექტულად და, პირველ რიგში, ქვეყნისთვის საზიანოდ მიგვაჩნია უკრაინის შიგნით მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის კომენტირება და ამასთან დაკავშირებით რაღაც პოზიციის დაკავება. უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი და უკრაინის ურთიერთობას, რაც ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა, ივანიშვილის გუნდმა მთელი ამ წლების განმავლობაში და ბოლო დღეებში კატასტროფული განცხადებებით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როცა ცდილობენ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში ძალიან მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული. ეს მაშინ, როცა კალაძის განცხადებით, საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო–უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ არ შეიძლება, უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს სააკაშვილის ფაქტორმა ხელი შეუშალოს.

„საკითხი დღის წესრიგიდან თუ მოიხსნა, არა მხოლოდ ვიცე–პრემიერის, არამედ საერთოდ, სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის, ეს იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება. არ შეიძლება, სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ ეკონომიკურს და გინდ პოლიტიკურს ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა, რომელიც ფაქტობრივად, არის დამნაშავე.

გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულებები სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ, ნებისმიერი პოლიტიკური რანგისა და გემოვნების ადამიანმა იცის, რომ დანაშაულები ნამდვილად იქნა ჩადენილი. ერთია, ამას ვინ როგორ აფასებს, მაგრამ უკრაინასა და საქართველოს გაცილებით მეტი აქვთ სამომავლოდ ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რასაც სააკაშვილის ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს“, – განაცახდა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უკრაინის რადადან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ საკითხის უკან გაწვევაზე, გავლენა უფრო იმან იქონია, რომ თავად უკრაინული პოლიტიკური ელიტა არ შეხვდა ამ ნაბიჯს აღფრთოვანებით. რამაზ საყვარელიძის თქმით, მისთვის უცნობია, სააკაშვილის უკრაინული ისტორია, თუმცა მისი ქართული პოლიტიკური წარსულიდან თუ ამოვალთ, პოლიტოლოგის განცხადებით, საერთოდ არ შეიძლებოდა რაიმე სერიოზულ თანამდებობაზე მისი ხელახლა დანიშვნა, თუნდაც იმის, გამო, რომ მას თანამდებობის გარშემო პიარის აგების ტენდენცია აქვს.

„სააკაშვილი პიარის აგებას პოლიტიკურ ბრძოლისთვის იყენებს. იმიტომ, რომ იქ პოლიტიკური არგუმენტები უფრო იქნებოდა. ის მასალა, რომელიც ფიგურირებდა, მაინც ანალიტიკოსების მასალაა და პოლიტიკასთან ერთად, თავს უფლებას აძლევდნენ შესულიყვნენ კონკრეტულ ისტორიებში, ქართულში, უკრაინულში და ა. შ. ამიტომ, არსებულ დონეზე რა წონა ჰქონდა ამ განცხადებებს ძნელი სათქმელია. ის, რომ მათ წონა ჰქონდა და ის, რომ ასეთი განცხადებები უნდა გაკეთებულიყო, თუნდაც ქვეყნის თავმოყვარეობის გამო, ეს უდავოა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

dimpi რავა კოსტუმებს თუ ვაშლის გათლას აღარ ედავებიან? რათა, რათა, რათა
4 წლის უკან
ლევკოთეა რაღა საყვარელიძე, ბარემ ეს ჩოყლაყი დანიშნონ გამოძიების ბიუროს უფროსად ესეც ხომ იურისტია. თუ ამას დემაგიგია და გარე-გარე სირბილი უფრო ეხერება და ვერ დაჯდება კაბინეტში.
4 წლის უკან
Katana . ვინც თვალს ადევნებს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში, ეცოდინება, რომ მიშა, მას შემდეგ, რაც მას დაუბრუნეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ აკრიტიკებს ავაკოვს, კოლომოისკის, გერაშჩენკოს...
გაჩნდა აზრი: ეტყობა, ზელენსკიმ იმ პირობით დაუბრუნა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, რომ ამათ აღარ შეეხებაო!..
არადა, უკრაინაში ძალიან ბევრს მხოლოდ იმიტომ უნდოდა მისი გაპრემიერება (და არა ვიცეობა), რომ მიშა ჩამოიშორებს ხელისუფლებიდან სწორედ ამ სამ მთავარ მაფიოზს, რომლებიც რეალურად მართავენ უკრაინას და ზელენსკი მხოლოდ მარიონეტია მათ ხელშიო...
ვარაუდობენ, რომ სწორედ ესენი იმუშავებდნენ კულისებში, რათა დაებლოკათ მიშას ერთობ სახიფათო კანდიდატურა...
4 წლის უკან