გაერო-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის ოფისი აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს ვირუსი და არა ადამიანები, – ამის შესახებ BBC წერს.
სამხრეთ აფრიკა, კენია და უგანდა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც უსაფრთხოების ზომების შენარჩუნებას ძალის გამოყენებით ცდილობენ. გაერო-ს ადამიანთა უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაშელემ განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დარღვევის გამო სროლა, ადამიანების დაკავება და მათზე ძალადობა უკანონო და მიუღებელია. გაერო-ს ინფორმაცით, სამხრეთ აფრიკაში კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაკავებულია 17 000 ადამიანი.
BBჩ-ის ცნობით, კენიაში 17-მა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ კომენდანტის საათის დამრღვევები არ დასაჯონ და ისინი საკარანტინე ზონებში იძულების წესით არ გადაიყვანონ.
სულ აფრიკის მასშტაბით კორონავირუსის 32 100 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1 428 ვირუსმა იმსხვერპლა, ხოლო 9 741 ადამიანი გამოჯანმრთელდა.