საზოგადოებისა და სპეციალისტების აზრი უკვე ორად არის გაყოფილი
3.5 მლრდ ანტიკიზისული გეგმა სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებად დაიყო. უმუშევრად დარჩენილებს, დამსაქმებლებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და სხვა ჯგუფებს კონკრეტული დახმარება შესთავაზეს. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესი ნაწილია, რომელიც დიდ კრიზისშია და მათი შემცირებული შემოსავალი მოსახლეობაზე აისახება. იყო თუ არა სწორად გადანაწილებული პრიორიტეტები? საზოგადოების და სპეციალისტების აზრი ორად გაიყო.
ანტიკრიზისულ გეგმას რადიკალურად წინააღმდეგობრივი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ეკონომისტებში და სფეროს სპეციალისტებში, ასევე საზოგადოებაში და ეს სოციალურ ქსელში, ყველაზე კარგად ჩანს. ამომწურავი და ყოვლისმომცველი - ასე აფასებს, აფბა-ს წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი სამთავრობო გეგმას. მისი აზრით, ეს იქნება ისეთივე ეფექტური როგორც ხელისუფლების ეპიდსიტუაციასთან ბრძოლა.
,,მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არც ერთი სეგმენტი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. გაზრდილი სოციალური პაკეტები, ეკონომიკის დარგობრივი სტიმულირება, სოფლის მეურნეობის გაზრდილი მხარდაჭერა, მეწარმეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და ა.შ. ასეთ კრიზუსულ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა ეკონომიკურმა სუბიექტმა თუ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც მთავრობამ უდავოდ შეძლო.
გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ორი მთავარი ამოცანა აქვს ამოსახსნელი - ეპიდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის გადარჩენა. ჩვენ, ყველამ კარგად ვნახეთ, სწორი მენეჯმენტის პირობებში თუ რა გასაოცარი შედეგები მიიღო ხელისუფლებამ ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით - აქ ნამდვილად სატრაბახოდ გვაქვს საქმე და მსოფლიოს მასშტაბით სამაგალითო ქვეყანა ვართ.
რაც შეეხება ეკონომიკას, იმდენად მოცულობითი სტრატეგია დაიდო, რომ დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებით ამოიქაჩება, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა შევძელით. ერთი მხრივ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, იზრდება სოციალური თუ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების ხარჯვითი ნაწილი. ამ პირობებში მთავრობამ, ვფიქრობ, ბეწვის ხიდზე გაიარა და საგარეო დაფინანსების მოპოვების თუ შიდა რესურსების მაქსიმალურად ათვისების გზით, ოქროს შუალედი იპოვა“, - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.
რადიკლურად არ მოსწონს წარდგენილი პრიორიტეტები და ნაბიჯები, ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელ, პაატა შეშელიძეს, რომლის აზრითაც ეს მხოლოდ კარის ბიზნესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,სახელმწიფო გრანტები რისკიანი სესხების მოცულობა გაიზრდება და კარის მეწარმეობას წახალისდება. ეს არის რეალობა. კომპანიებს დღგ-ს დაბრუნება ისედაც ერგებოდათ და უსამართლოდ უჭიანურდებოდათ, შესაბამისად, კი არ მიეცემათ - შეუნარჩუნდებათ. მეორე, ბანკებს და ბიზნესს საერთოდ რატომ უნდა მიეცეს რამე თანხა, გაუგებარია, ალბათ საარჩევნოდ ლოიალობის მოსაპოვებლად. არადა, ნებისმიერი წარმოების შემოსავლის წყარო ბაზარი უნდა იყოს - არის მოთხოვნა, არის წარმოება!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკურად ეს ნიშნავს ხელისუფლების ხელში ბერკეტების მობილიზებას. ეს არის მისთვის ახალი შანსი და ამ შანსს იყენებს. აქ დგას ეკონომიკის კონტროლის საკითხი, მომავალი არჩევნების საკითხი და ადამიანების მართვის საკითხი“, - განაცხადა "რეზონანსთან" შეშელიძემ.
ეკონომიკური გეგმის თანახმად, გარდა ბიზნესისა, სახელმწიფო დაეხმარება ასევე უმუშევრად დარჩენილებსაც. ყველანი, ვინც ხელფასს ხელშეკრულების საფუძველზე იღებდნენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს სამსახური, თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. დახმარება 6 თვე გაგრძელდება და ის 1200 ლარს შეადგენს.
სწორედ ამ ოდენობის დახმარების მოლოდინი ჰქონდა სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ მან თანხის მოცულობა 3 თვეზე გადაანაწილა (400 ლარი ყოველ თვეში), ხელისუფლება კი ამ მხრივ უფრო ფრთხილი აღმოჩნდა.
,,დიდი ხანია ველოდით ამ გეგმას.მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის. დახმარებას ახლა აქვს ამორტიზების როლი, მეორეს მხრივ კი, გეგმას უნდა ჰქონდეს გარკვეული ინექციის ეფექტი ეკონომიკისათვის. სიმართლე გითხრათ, სწორედ 1200 ლარის გამოყოფა ვივარაუდე ჯამურად, სწორედ ეს შესაძლებლობა დავინახე, მაგრამ მე ფულადი გასაცმელი 3 თვეზე გადავანაწილე. ხელისუფლება კი გაცილებით ფრთხილი აღმოჩნდა და 6 თვეზე გასცემს.
არის კიდევ ერთი მომენტი. 350 000 უმუშევრად დარჩენილი მეჩვენება გადამეტებულად, რადგან ქვეყანაში სულ 850 000 დაქირავებით დასაქმებულია და ძალოვან სტრუქტურებს, საჯარო სექტორს და სხვა უამრავ დარგშიც სამუშაო ადგილები არ დაკარგულა. იმედია, ეს მონაცემი პირველადია და ამ შემთხვევაში, გაიზრდება გასაცემელი მათზე, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ სტატისტიკოსმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იურიდიული პირებისთვის გადასახადების განულება ამ ეტაპზე არ მოხდება, რასაც ყველაზე მეტად ითხოვდნენ ბიზნესმენები.