საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორმა- 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დღეიდან 25 მაისამდე დაინტერესებულ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა მათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://ecosystems.500.co/500georgia
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებისთვის სექტორული უპირატესობა არ არსებობს. თუმცა, კომპანიებმა უნდა წარადგინონ ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინოვაციური გადაწყვეტები. აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება. 2020 წლისთვის დაგეგმილია 2 ნაკადი. ერთი გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. დღეიდან უკვე სტარტაპებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ აქსელერაციის პროგრამაში. ეს სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეობის მსურველებს, ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.
500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში. მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.