ირინა სარიშვილი - „არავინ დაიჩემოს ედპ-ს მესაკუთრეობა“

ირინა სარიშვილი - „არავინ დაიჩემოს ედპ-ს მესაკუთრეობა“

ირინა სარიშვილმა რამდენიმე დღის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა და პოლიტიკური პარტია „იმედის“ ახალი ოფისისა და ახალი დროშის პრეზენტაციაზე მიიწვია ჟურნალისტები.

„ისტორიული სამართლიანობა სულ მოკლე ხანში აღდგება“, - განაცხადა პოლიტიკური ორგანიზაცია „იმედის“ ლიდერმა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დროშა ააფრიალა. ედპ-ზე, იგორ გიორგაძეზე და პარტია „იმედის“ ლოგოთი შეცვლილ გრაალის თასზე სასაუბროდ ქალბატონ ირინა სარიშვილს ვეწვიეთ.

ქალბატონო ირინა, ხმამაღალ განცხადებად მეჩვენა თქვენი ნათქვამი, როდესაც ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობდით და ამასთან, პოლიტიკური გაერთიანება „იმედის“ დროშაც შეგიცვლიათ. ედპ-ს დროშაა ეს, ფაქტობრივად, და მასში გრაალის ნაცვლად თქვენეული გასხივოსნებული „ი“ ასოა...

-მოდი, ვთქვათ პირდაპირ: მე არანაირი მინიშნებები ედპ-ზე არ მჭირდება! ვერცერთი ადამიანი ვერ გაიხსენებს, ბოლო დროს, ჩემს მიერ ნათქვამ ვერცერთ ფრაზას, რომელიც ეხებოდა ან ამ პარტიას, ან მის რომელიმე წევრს.

დღეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 99 პროცენტით ედპ-ს წევრებისგან არის დაკომპლექტებული. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ოცი წლის განმავლობაში ერთად ვართ... ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც თავის დროზე, აღადგინა ედპ...

ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგია არავის საკუთრება არ არის და, ბუნებრივია, თუ ჩვენ მორალურად ვალდებულად ვთვლით თავს გიორგი ჭანტურიას სულის წინაშე, აქტიურად უნდა ჩავებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ, მე ვერ დაგეთანხმები, თითქოს ხმამაღალი განცხადებები გავაკეთე. ეს ჩემთვის იყო ძალიან ბუნებრივი ნაბიჯი. დროშასაც არანაირი დიზაინერი არ დასჭირვებია და წინასწარვე გვქონდა ჩაფიქრებული. ის, რომ ჩვენს ორგანიზაციას გარკვეული დროის განმავლობაში „იმედი“ ჰქვია და არა რომელიმე პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემცველი სახელი, ესეც გასაგებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავინ დაიჩემოს ედპ-ს მესაკუთრეობა და, მათ შორის, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ.

არც ბაჩუკი ქარდავამ და იმ ლიდერებმა, რომლებიც დღეს ეროვნულ-დემოკრატებში არიან?

-დღეს არავის კონკრეტულად ხსენება არ მინდა. არცერთ სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ. არ არის ეს ჩემი საქმე. არანაირად არ მინდა, რომ ეს იდეოლოგია კონკრეტულ სახელებს და გვარებს გავუტოლო. ერთადერთი ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც ასოცირდება ჩემთვის ედპ, ეს არის გიორგი ჭანტურია! დანარჩენი, ყველა დამსახურებისამებრ მოიმკის იმას, რაც მათ ეკუთვნით! აქ არაა  შეცდომებზე საუბარი. ან კონკრეტული ნაბიჯების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციაზე. არის რაღაცეები, რისი გადალახვაც მოსისხლე მტერთან ურთიერთობის დროსაც კი დაუშვებელია! თუ დღეს ამ იდეოლოგიას ფასი აღარ აქვს, ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და ჩვენი დანაშაულის წილი დავინახოთ! ალბათ, ედპ-ს წევრთა უმრავლესობამ მთავარი - ერთიანობის დაცვა ვერ შევძელით.

დღეს შეძლებთ?

-ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ისტორიული სამართლიანობა აღდგება! ამას არ ვამბობ ქედმაღლობითა და ამპარტავნებით, მაგრამ, თუ ვინმეს აქვს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრობისა თუ ხელმძღვანელობის ამბიცია - მე ვარ! ხოლო, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შეიძლება იყოს ედპ-ში და იოლად უნდა იცხოვრო - ის უშვებს საბედისწერო შეცდომას!

დღემდე მხოლოდ გული გწყდებოდათ და ახლა გადაწყვიტეთ ედპ-ის დაბრუნება?

-მე არც არასოდეს ჩამითვლია, რომ დავკარგე ედპ! არასოდეს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური თავდასხმებისა, არცერთხელ არავისთვის გამიცია პასუხი, რადგან ედპ ჩემთვის ყოველთვის ოჯახად აღიქმებოდა და აღიქმება დღესაც!

სხვათა ოფისებთან შედარებით თქვენი ახალი ოფისი მართლაც ფეშენებელურია. არ ვინტერესდები, საიდან, როგორ და რამდენად, მაგრამ...

-შეგიძლიათ, დაინტერესდეთ.

კი ბატონო, მაშინ კითხვა დასმულად ჩათვალეთ...

-დღევანდელი პრეზენტაცია იყო არა მხოლოდ ოფისის ან დროშის პრეზენტაცია, რომელიც უზარმაზარ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. არამედ, ამის გარდა, ეს არის ჩვენი ორგანიზაციისათვის ახალი ეტაპის დასაწყისი. ჩვენ არ ვიცვლით შეხედულებებს და ისევ ვრჩებით მემარჯვენე-ცენტრისტულ ორგანიზაციად, ჩვენი სახელმწიფო იდეოლოგია საგარეო პოლიტიკაში ეფუძნება ნეიტრალიტეტს და ასე მოვდივართ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ არც არასდროს ვყოფილვართ ვინმეზე დამოკიდებულები, დღეს, ჩვენ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია! სხვათაშორის, ამ ერთ შენობაში გადმოსვლას, თბილისის რამდენიმე ოფისის დახურვა მოჰყვა. გაერთიანება მოხდა ამ ორგანიზაციების. თუმცა, მომავალში უბნების მიხედვით ვაპირებთ ოფისების გახსნას.

როგორც განაცხადეთ, მოახლოებულ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებთ, მაშ, ოფისები რაღად გინდათ?

-ამ ხელისუფლების მიერ დანიშნული და გაკონტროლებული არჩევნები-ეს არის წინასწარ წაგებული ბრძოლა! გარდა იმ შემთხვევებისა, თუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან გარიგება იქნა დადებული!

ქალბატონო ირინა, თქვენი ოფისის დათვალიერების შემდეგ კითხვა გამიჩნდა. იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ოფისისგან განსხვავებით, „იმედის“ ოფისში მისი ფოტო ვერ შევნიშნე ვერსად. თუმცა, მისი მომხრეების სასამართლო პროცესი, ფაქტობრივად, თქვენს კისერზე გადადის.

-რაც მის ძალისხმევაშია, იგორ გიორგაძე აკეთებს ყველაფერს! სამწუხაროდ, მეტის თქმის არც საშუალება და არც უფლება არა მაქვს. ბუნებრივია, მას ყველაზე მეტად შესტკივა გული! რაც შეეხება ფოტოს. „იმედი“ გახლავთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ხოლო იგორ გიორგაძე პარტია „ სამართლიანობის“ ხელმძღვანელია. მით უფრო, თუ დღევანდელ პრეზენტაციას გაიხსენებთ, მიხვდებით, რომ სახელწოდება „იმედი“ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და სინამდვილეში, უფრო სხვა გეგმებზეა საუბარი.

ედპ-ზეა საუბარი, პირდაპირ ვთქვათ.

-დიახ, სინამდვილეში, ეროვნულ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზეა საუბარი! თან, იცით, რაშია საქმე? როდესაც მე გახლდით იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, ეს არც დამიმალავს, ბევრისგან განსხვავებით, რომლებსაც გიორგაძის ფრთებქვეშ ყოფნა უნდოდათ და გამოჩენა არა. და დღესაც არ ამბობენ!

ამ ორგანიზაციის ოფისში იგორ გიორგაძის ფოტოს დაკიდება, უბრალოდ, ალოგიკური იქნებოდა. თორემ, მე, ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან არიან დავალებულები იგორ გიორგაძისგან - არაფერს ვმალავ! ის არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალის მქონე და ჩვენ დღემდე ვრჩებით თანამოაზრეებად! მისი ორგანიზაცია მემარცხენე-ცენტრისტულია, ჩემი - მემარჯვენე-ცენტრისტული და თუ ხუმრობით ვიტყვით - ცენტრისკენ მივდივართ, სადღაც მაინც შევხვდებით.

ნახევრად ბუჩქებში მიმალული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენს პოზიციებსა თუ შეხედულებებს არ ვმალავთ!

ქალბატონო ირინა, ვინ გაფინანსებთ?

-არა! რომ მაფინანსებდეს, აუცილებლად გეტყოდით!