ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იტალიას ბოდიში მოუხადა კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენის ნაკლებობისთვის.
„მართალია, რომ ბევრი იტალიას გვერდით არ ედგა, როდესაც იტალიას დახმარება სჭირდებოდა ამ პანდემიის დასაწყისში. მართალია ისიც, რომ ევროკავშირმა იტალიას ბოდიში უნდა მოუხადოს და უხდის კიდეც. თუმცა, ბოდიშის მოხდას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ საქციელი იცვლება. დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეგო, რომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას მარშალის გეგმა სჭირდება და ეს გეგმა ევროკავშირის ბიუჯეტი იქნება.
„ეს იქნება შუქურა, ჩვენი გამოცოცხლებისა და გაჯანსაღების გამყოლი. უნდა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც წარმოგვიდგენია. ჩვენ გამოვიყენებთ ევროკავშირის ბიუჯეტის სიძლიერეს, რათა გამოვყოთ საჯარო და კერძო ინვესტიციები“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.