“ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები.
“სპუტნიკ-აბხაზიის” ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ “რესპუბლიკის” მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ. სკორიკის ინფორმაციითვე, აღნიშნული შემთხვევა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ მომავალში მოსახლეობა გახდება მოწმე დაავადების დიდი რაოდენობისა, ვინაიდან აფხაზეთის მცხოვრებლები არ ემორჩილებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც „მინისტრთა კაბინეტი” აქვეყნებდა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რეალურად ეს დაინფიცირების მეორე შემთხვევაა, რადგან მანამდე ვირუსი გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს დაუდგინდა. იხსენებს, რომ მაშინ, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, აფხაზებში ანტიქართული ისტერია გაჩაღდა. თუმცა, ზაქარეიშვილი იქვე ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ბევრი ამ განწყობას არ იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს პრაქტიკულად მეორე ფაქტია, მაგრამ პირველი ფაქტიაო, ამბობენ. პირველი უკავშირდებოდა ქართველ ქალბატონს და აგრესიაც არანაკლები იყო. ანტიქართული კამპანია აგორდა, მაგრამ სიტუაცია უცებ დაწყნარდა, რადგან მან მალე გაიარა მთელი აფხაზეთი და გადავიდა ზუგდიდში. პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის მდგომარეობას და სხვების დაინფიცირება არ მომხდარა. შესაბამისად, ვითარება ჩაცხრა. ამ ბატონთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა, რადგან 29 მარტს შემოვიდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთში, შემოიტანა ვირუსი, კონტაქტები ჰქონდა და მხოლოდ 4 აპრილს მოხდა მისი დაფიქსირება, როგორც ინფიცირებულის. პანიკა არის, რადგან 29 მარტიდან 4 აპრილამდე არავინ იცის, რამდენ ადამიანს გადასცა ეს ვირუსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“აფხაზები ბუნებით ნაციონალისტები არიან და შეუძლიათ, სხვას იოლად გადააბრალონ ყველაფერი, როცა ადამიანი სხვა ეროვნებისაა. გვახსოვს, მარნეულში რომ დადასტურდა დაინფიცირება, რამდენმა მოფაშისტო ქართველმა ანტიაზერბაიჯანული კამპანია წამოიწყო. არადა, ქართველები თითქოს ცივილიზებული ხალხი ვართ... ბუნებრივია, ისეთივე კატეგორიის ადამიანები აფხაზეთშიც იქნებიან, რომლებიც ძალიან იოლად სხვა ერის წარმომადგენელს გაწირავენ სალანძღავად. იქ აგორდა გარკვეული ნაციონალისტური ფრთა, მაგრამ ეს არ არის მთელი აფხაზური საზოგადოება, რადგან ბევრი ამის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია. დაპირისპირება არის შიგნით, მაგრამ ცალსახად ყველა ანტისომხურ პლატფორმაზე არაა”, - ამბობს ზაქარეიშვილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ და საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად - “ჩვენი მზაობა ძალაშია, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელთაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას”, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმით, “ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძენს გამოცემა.