წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს, როგორც არასდროს, პროგნოზირება ძნელია. პოლიტიკურ ტოტალიზატორზე ყველა თავის ფსონს ჩამოდის, შედეგების მოლოდინმა ყველა სხვა ინტერესს გადააჭარბა.
მასმედიის საშუალებები თავს არ ზოგავენ მწვავე საკითხების გასაშუქებლად. ორი მოქალაქე ერთმანეთს რომ შეხვდება, კანდიდატებზე საუბრობენ, ხშირად ხმამაღლა კამათობენ კიდეც. თითოეულ კაცს თავისი ფავორიტი და თავისი არჩევანი აქვს.
პოლიტიკური კავშირის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ავთანდილ მარგიანსაც მეტად ორიგინალური და განსხვავებული კანდიდატები ჰყავს, რომელთაც შეიძლება პოლიტიკური სახეების „რეტროფუნქციონერები“ ვუწოდოთ.
ვის აირჩევდით საქართველოს პრეზიდენტად?
- მე პირადად საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, რომელსაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო გარანტიით ეყოლება. ჩემი არჩევანი პრეზიდენტის პოსტზე გახლავთ ჩვენი პოლიტიკური კავშირის დამფუძნებელი და ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი.
ვის ისურვებდით პრემიერ-მინისტრად?
- ფინანსთა ყოფილ მინისტრს დავით იაკობიძეს, ხოლო მის მოადგილედ, მოსკოვის ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს დავნიშნავდი.
ვის დაუჭერდით მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
- უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს როინ მეტრეველს.
თქვენი აზრით, ვინ იმსახურებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას?
- მოწოდებითაც და პროფესიონალიზმითაც სამხედრო მომზადების დონის მატარებელი დავით თევზაძე.
ვინ შეიძლება გახდეს სახალხო დამცველი?
- სახალხო დამცველად, რადგან თავისი მოღვაწეობით გაამართლა, ისევ სოზარ სუბარს დავტოვებდი.
ვინ არის თქვენი კანდიდატურა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე?
- ამ ორ ძალოვან სტრუქტურას გავყოფდი, უშიშროების მინისტრად გენერალ ვალერი ჩხეიძეს დავნიშნავდი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად - შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ შეფს დემურ მიქაძეს.
ვის დანიშნავდით იუსტიციის მინისტრად?
- ამავე სამინისტროს ყოფილ შეფს - თედო ნინიძეს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ვის დაასახელებდით?
- ჯანდაცვის ექსმინისტრს ირაკლი მენაღარაშვილს.
ვინ შეიძლება დაიკავოს განათლების მინისტრის პოსტი?
- ცნობილმა აკადემიკოსმა და პედაგოგმა ნუგზარ ფოფხაძემ.
ვის დაასახელებდით ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად?
- ამჟამად აზერბაიჯანში მომუშავე ენერგეტიკოსს გია ჭანტურიას ან ენერგეტიკის ყოფილ შეფს დავით ზუბიტაშვილს.
ვინ შეიძლება გახდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი?
- ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი როინ ლიპარტელიანი.
ვის დანიშნავდით სოფლის მეურნეობის მინისტრად?
- ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას ბაკურ გულუას.
ვის აირჩევდით ქალაქ თბილისის მერად?
- დავტოვებდი გიგი უგულავას, რადგან მან თბილისს საკუთარი ხელი დაატყო.
ვინ არის შესაფერისი კანდიდატი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე?
- ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შეფი დავით იაკობიძე.
ვის დანიშნავდით საგარეო საქმეთა მინისტრად?
- ცნობილ დიპლომატსა და ინტელექტუალურ პიროვნებას პეტრე ჩხეიძეს.
ვინ არის თქვენი კანდიდატურა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე?
- ცნობილი ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას ვის მიანდობდით?
- ჭეშმარიტ ქართველს, ენერგიულ და მეურნის ნიჭით დაჯილდოებულ კობა სუბელიანს.
ვის ისურვებდით კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე?
- ამ ორ სამინისტროს გავყოფდი. სპორტს მსოფლიო ჩემპიონს ლერი ხაბელოვს ჩავაბარებდი, ხოლო კულტურის სამინისტროს - ცნობილ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცესს.