„ალია-ჰოლდინგში,“ ნებისმიერმა, ახლადმოსულმა და გამოუცდელმა ჟურნალისტმაც კი იცის ერთი „ოქროს წესი“ - სანამ რესპოდენტთან ინტერვიუზე წავა, იქამდე მასზე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.
აბა, ისე რა გამოვა? - ჟურნალისტი მივა, დიქტოფონს ჩართავს, რესპონდენტს კაკალ თვალში ყურებას დაუწყებს და ისიც იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც უნდა.
რა სჯობია, კარგად „დაგაბოლებს“, მხრებზე ფრთაც ამოუვა და მერე სულ ამ ანგელოზის ფრთების ტყლაშა-ტყლუშით გამოგაცილებს (თან როგორ უყვართ ასეთი ჟურნალისტები ჩინოვნიკებს!)... მერე რა, რომ „ლაით“ ინტერვიუს წერ, შე, დალოცვილო, ინფორმაცია გაწყენს?!
აბა ეს არის კარგი, ადამიანს რომ ელაპარაკები და მასზე ელემენტარულ ცნობებს ინტერვიუს პროცესში რომ გებულობ?! მერე, ჟურნალისტური „ხრიკებიც“ კი არ გაქვს, რომ მკითხველამდე მაინც ისე მიიტანო მასალა, არ ათქმევინო. აბა, რის ჟურნალისტი ხარ, ეს თუ არ იცოდიო. მოკლედ, გავბრაზდი და ამიტომ გამიგრძელდა სიტყვა. აბა არ გაბრაზდები?
ჟურნალისტმა რუბრიკაში „მომხიბვლელი მოხელე“ ლადო ჭიპაშვილის მოადგილე, ნინო მოროშკინა ჩაწერა. შუა ინტერვიუს დროს ჟურნალისტი ეკითხება, უი, მართლა, აი, ლალი რომ არის მოროშკინა, თქვენი ნათესავია თუ უბრალოდ, მოგვარეო? ნინოც უხსნის, ახლა კარგად დაჯექი, არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი ნახევარდააო. ანუ მამაჩემის შვილია პირველი ქორწინებიდანო.
აბა, ეს საქმეა? ან კოლეგა-ჟურნალისტებისთვის ეკითხა, ანდაც ვინმე აზრიანისთვის, ვინ ოხერი დაუმალავდა ამ ორი მომხიბვლელი ქალის სისხლითნათესაობის ამბავს!!! ოოო, მერე, ეტყობა, „გაუსწორდა“ მაგარი ამბავი გავიგეო და სათაურშიც კი გამოიტანა - რატომ არ ნახულობენ ერთმანეთს ნახევარდებიო? არა, ისეთი არაფერი გეგონოთ, დრო არ გვაქვს ერთმანეთის სანახავად, თორემ თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს მე და ლალისო, ამბობს ნინო.
ჟურნალისტი კი თავისას „აწვება“ და ეტყობა, იფიქრა, არიქა, იქნებ კიდევ ვინმე ენათესავება ნინო მოროშკინასო და შეაპარა - დედა რა გვარის გყავთო? ნინოც პასუხობს - ჭიპაშვილიო. არ არსებობს! მღელვარებისგან გული აუჩქროლდებოდა ჟურნალისტს, მაგარ ამბავს ვხეთქავ, მთლა მინისტრის მოადგილის დედის ნათესავია და მაგარი მასალა „ავაგდეო“ და პასუხის მოლოდინში განაბული მორიგ კითხვას უსვამს, - მინისტრის ნათესავი ხართ!
ეეეჰ, ოღონდ ეგ არ გეთქვა, ახლა, ნინო შენ და რა უნდოდა ამ ღმერთს მეტი!!! ა-რა-ო! დედაჩემი და მინისტრი ჭიპაშვილების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიანო. აფსუს!!!