(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველოს მოსახლეობას კარგა ხანია, არანაირი დიეტა აღარ სჭირდება. ამ ხელისუფლების მოქმედებებმა, დრაკონულმა კანონებმა, აბსურდულმა და აბსურდულად გაზრდილმა გადასახადებმა ხალხი ისედაც ნაწუწნ კამფეტს დაამსგავსა.
აი, სულ სხვა თემაა ქართველი ხელისუფალნი! უამრავ მათგანს ისე გაუსუქდა სხეულის ზოგიერთი ნაწილი, ხვალ ქართველმა ხალხმა მათი კაბინეტებიდან გამოყრა რომ დააპიროს, თუ ტროსით ბულდოზერზე არ გამოაბამ, ძვრას ვერ უზამ.
ერთ - ერთი, ვინც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დიდძალი კილოგრამებიც შეიძინა, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ - ერთ ცისმარე დღეს, თბილისის მერი ამომრჩევლისა და ტელემაყურებლის წინაშე ლამის საჩოხე ტანზე დამდგარი წარსდგა.
ზოგიერთებს ეგონათ, უგულავამ ასე საგრძნობლად იმიტომ დაიკლო წონაში, რომ თბილისსა და თბილისელებზე, საერთოდ ქვეყნის ბედზე ფიქრში ათევდა ღამეებს და ხალხის საცოდაობის შემყურეს ჭამის მადა დაეკარგაო. ილუზიით შეპყრობილთა ასეთ ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ იმხანად თბილისის ყოველ კუთხე - კუნჭულში გაჩნდა უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები უგულავას მომღიმარი სახითა და მეტად გულისამაჩუყებელი სლოგანით: „მერი, რომელიც ზრუნავს ჩვენზე“.
საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ უგულავას ზედმეტი კილოგრამები ხალხის ბედზე ჭმუნვით კი არა, მეტად უცნაური და ძვირადღირებული დიეტით ჩამოუფერთხია. ამბობენ, თბილისის მერს ეს დიეტა ცნობილმა დიეტოლოგმა, ლევან ბერძენიშვილისგან „სულ სხვა კაცის“ გამომყვანმა ელენე გიორგაძემ დაუნიშნაო. ზოგიერთები კი იმასაც ამტკიცებენ, უგულავას ჯადოსნური დიეტის რეცეპტი მისმა მოადგილემ, თბილისის ვიცე - მერმა მამუკა ახვლედიანმა შეუდგინაო, რომელიც, თურმე, ადრე საბერძნეთში ოფიციანტად „ნამუშევარა“ და კულინარიის საკითხებში ასჯერ უკეთ გარკვეული ყოფილა.
ასე თუ ისე, დიეტას, რომლითაც უგულავამ წონაში დაიკლო, სწორედ უგულავას დიეტა დაერქვა. ასე უწოდებს მას ხალხი და როგორც გავიგე, მთელი თბილისის ფეშენ - ფეშენ წრეები ამ დიეტაზე არიან გადასული, უბრალო ადამიანმა კი, რომელიც დარდისგან გასიებული თუა, თორემ წონაში რა ეშმაკი მოამატებინებს, ამ დიეტის დაცვა რომც მოინდომოს, არაფერი გამოუვა. თუ რატომ, ამას ახლავე აგიხსნით.
ამ რამდენიმე დღის წინათ გლდანის ბაზრიდან გამოსულ მეგობარს გადავაწყდი, რომელიც დიდი კირთებით და წელის წყვეტით მიათრევდა სანოვაგით დატვირთულ ორ დიდ პარკს. - რა იყო, მთელი ბაზარი შენ წამოიღე - მეთქი, - ვკითხე ხუმრობით. - არა, დიეტაზე ვარ და სახლში საჭმელი მიმაქვსო, - მიპასუხა. - თუ დიეტაზე ხარ, ამდენი საჭმელი რაღად გინდა - მეთქი - გამოვხატე გაკვირვება. - ეს სხვანაირი დიეტაა, უგულავას დიეტა ჰქვია, 4 კვირაში 15-20 კილოს იკლებო, - იქვე ამიხსნა მეგობარმა.
15 კილოს დაკლება არ მჭირდება, მაგრამ, რადგან არც მთლად საჩოხე ტანზე ვარ, ამ დიეტამ მეც დამაინტერესა და მეგობარს რეცეპტი ვთხოვე, რომელიც მეორე დღესვე მომაწოდა. ჩავიხედე ქაღალდში და რას ვხედავ?!
აქამდე ვიცოდი, რომ დიეტის დაცვა გარკვეული სახის შიმშილობასთან, ცილებისა და ცხიმების არმიღებასთან იყო დაკავშირებული. ამ უგულავას რეცეპტში კი ისეთი და იმ რაოდენობის საჭმელები აღმოვაჩინე, პირი ღია დამრჩა.
სრული თვალსაჩინოებისთვის და კიდევ იმის გამო, რომ ზოგიერთებს, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს და ჯიბის სისქე საშუალებას აძლევს, უგულავას დიეტა დაიცვას, აქვე გთავაზობთ ამ დიეტის რეცეპტს.
მაშ ასე, დიეტა იმ ადამიანებისათვის, ვისაც მჯდომარე სამსახური აქვს:
პირველი, მეორე და მესამე კვირა ერთნაირია.
მეოთხე კვირა სხვა კომპონენტებს შეიცავს.
პირველი დღე - მშიერი, ანუ საუზმე და სადილი - 1 ლიტრი რძე მთელი დღის განმავლობაში პატარა ჭიქებით.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100 გრამი შავი პური.
მეორე დღე - ცილოვანი.
საუზმე - 100 გრამი შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი. რძიანი ყავა უშაქროდ.
სადილი - 100 გრამი ლორი, ბულიონი, 100 გრამი ჰოლანდიური ყველი. ამ დროს მწვანილს ან ბოსტნეულს თუ მივაყოლებთ, საპირისპირო ეფექტი ექნება! 100 გრამი შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი.
მესამე დღე - ბოსტნეული.
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი, ან 2 ატამი.
სადილი - ბოსტნეულის სუპი, 1 ჩაის კოვზი ზეთით, 2 მოხარშული კარტოფილი, 3 ჭიქა მოხარშული მწვანე ბარდა.
ვახშამი - 3 პომიდორისა და 2 კიტრის სალათა, 1 ჭიქა ჩაი, 1 კოვზი თაფლი.
მეოთხე დღე - განსაკუთრებული.
საუზმე - რძიანი ყავა უშაქროდ, 100 გრამი ჰოლანდიური ყველი.
სადილი - 100 გრამი ლორი, 100 გრამი შავი პური, 2 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი.
მეხუთე დღე - ცილოვანი.
მეექვსე დღე - ბოსტნეულის,
მეშვიდე დღე - განსაკუთრებული.
მეოთხე კვირა:
შაბათი - 1,5 კგ ვაშლი.
კვირა - 1,5 კგ მოხარშული ქათამი.
ორშაბათი - 1,5 კგ პომიდორი და კიტრი.
სამშაბათი - 1,5 კგ მოხარშული ხორცი.
ოთხშაბათი - 0.5 კგ ჰოლანდიური ყველი პლუს 1 ბოთლი მინერალური წყალი.
ხუთშაბათი - 1 კგ კეფირი, პლუს 2 მოხარშული კვერცხი, პლუს მოხარშული თევზი.
პარასკევი - 1 ბოთლი წითელი ღვინო, პლუს 1 კგ ჰოლანდიური ყველი.
ამ დიეტის საშუალებით 30 დღეში გარანტირებულად დაიკლებთ 15-დან 20 კგ-მდე. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ზუსტად დაიცავთ! დარღვევის შემთხვევაში საპირისპირო ეფექტი მიიღება და წონა იმატებს. ამ დიეტის შემადგენლობას დიდხანს ინახავდნენ საიდუმლოდ.
დიეტა სასარგებლო და უსაფრთხოა. ამ დროს ორგანიზმი ახალგაზრდავდება და იწმინდება შლაკებისაგან. დიეტას შესაძლოა, თან ახლდეს წყურვილის გრძნობა - არ არის სასურველი ბევრი წყლის მიღება.
მთავარია, არ დაარღვიოთ დიეტა! დარღვევა უფრო გაგასუქებთ!
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შაქარი, მურაბა, კომპოტები და ყველაფერი ის, რაც შქარს შეიცავს. შაქარი გასუქების ხელშემწყობი უმთავრესი პროდუქტია!
თქვენი არ ვიცი და, ამ დიეტის რეცეპტის წაკითხვის შემდეგ მე ის ქართული სიმღერა გამახსენდა, რომელშიც ეს სიტყვებია: ჩემი ოქრო ჩუმად არის, სხვისი ბამბაც კი ჩხრიალებსო.
გასაცოდავებულ ხალხს უკვე ხმელა პურიც ენატრება, ხოლო უგულავასა თუ სხვა ხელისუფალთა დიეტაც კი ისეთი საჭმელებისგან შედგება, რომელიც მოსახლეობის 80 პროცენტს კარგა ხანია, სიზმარშიც არ უნახავს.
ამა ქვეყნის ძლიერთა დიეტა რომ ასეთი რაციონისგან შედგება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მაშინ, როცა ისინი დიეტაზე არ არიან.
ხალხი... ხალხს კი ისედაც გამოწერილი და დანიშნული აქვს იძულებითი უგულავას დიეტა. ეს დიეტა მოხარშული ქათმის, საქონლის ხორცისა და ჰოლანდიური ყველისგან კი არ შედგება, არამედ ჰოლანდიური ავტობუსებისა და მეტროთი მგზავრობის 40 თეთრამდე გაზრდილი საფასურისაგან, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და კიდევ ათასნაირი გაორმაგებული თუ გასამმაგებული გადასახადებისგან, რომელიც ხალხს ზედმეტი კილოგრამის დაკლებას კი არა, ისედაც გაძვალტყავებული სხეულიდან სულის ამოძრობას უქადის.