ახალი კორონავირუსით შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოსახლერობის ნახევარი იყოს ინფიცირებული. აღნიშნულს ცხადყოფს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ განხორციელებული მოდელირება.
თეორიული ეპიდემიოლოგიის პროფესორის სუნეტრა გუპტას განცხადებით, თუ ეს შედეგები დადასტურდება, აღნიშნული გულისხმობს, რომ კორონავირუსით ინფიციფრებული ათასი პაციენტიდან ერთ პაციენტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდება. მისივე თქმით, ინფიცირებულთა უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები აქვს ან საერთოდ არ აქვთ სიმპტომები.
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სეროლოგიური კვლევები - ანტისხეულების ტესტირება, რათა შევაფასოთ ეპიდემიის რომელ ეტაპზე ვართ“, - განაცხადა მან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ეკოლოგიის ინფექციური დაავადებების ჯგუფის მოდელირება მიუთითებს, რომ Covid-19-მა ბრიტანეთს მიაღწია იანვრის შუა რიცხვებში. უამრავი ინფექციის მსგავსად, ის უხილავად გავრცელდა ერთ თვეზე მეტი ხნის პერიოდში, ვიდრე ბრიტანეთში პირველი გადაცემები ოფიციალურად დაფიქსირდებოდა თებერვლის ბოლოს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის შედეგები ნიშნავს, რომ ბრიტანელებმა უკვე შეიძინეს ჯოგური იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ მისი ორ თვეზე მეტი ხნის გავრცელების განმავლობაში. თუ დასკვნები ტესტირებით დადასტურდება, მაშინ არსებული შეზღუდვები შეიძლება ბევრად ადრე მოიხსნას, ვიდრე ეს მთავრობამ განაცხადა.
პროფესორმა გუპტამ აღნიშნა, რომ არსებული მტკიცებულებები მას არწმუნებს იმაში, რომ კაცობრიობა ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს კორონავირუსის წინააღმდეგ.
აუცილებელი მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯგუფი კემბრიჯის და კენტის უნივერსიტეტების კოლეგებთან თანამშრომლობს, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობაში ანტისხეულების ტესტირება.