დიდ პოლიტიკაში ჩაბმულ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამპლუაში ყოფნა ისე მოსწონს, რომ დიპლომატიური საქმიანობის დასრულებას არ ნანობს. ქვეყნის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს არც ის მოარული ხმები აწუხებს, რაც მის ცრუ - ოპოზიციონერობას უკავშირდება:
„ვინც ასეთ ბრალდებას მიყენებს, ჩემს პოზიციებს გადახედოს და დასკვნები ისე გამოიტანოსო“, - ამბობს ქალბატონი სალომე.
მისი შრომითი ბიოგრაფია წლების წინ რომში დაიწყო. ახალბედა დიპლომატისთვის რომი წარმატების მომტანი ქალაქი აღმოჩნდა, ალბათ, ამიტომაც უკვე გამოცდილ დიპლომატს ამ ქალაქთან განსაკუთრებული სიყვარული და მოგონებები აკავშირებს.
სალომე ზურაბიშვილი:
- ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, მაგრამ ეს სურვილი ვერ შევისრულე. არჩევანი დიპლომატიურ სამსახურზე ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით გავაკეთე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვერ ჩავაბარებდი გამოცდებს, რადგან ამ პროფესიის დაუფლება საკმაოდ ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა. მაშინ პარიზში არ არსებობდა მოსამზადებელი სკოლა და ნაცნობების დახმარება იყო საჭირო, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი.
ევროპაშიც ხდებოდა „ჩაწყობა“ მისაღებ გამოცდებზე?
- დიახ. იყო ასე, მით უმეტეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და დღემდე გრძელდება ეს. ამიტომაც ამოვირჩიე პროფესიად ისეთი სფერო, სადაც ოფიციალური კონკურსი ტარდებოდა. გარდა ამისა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა მოგზაურობა და დიპლომატობა ჩემთვის ამ თვალსაზრისითაც მომხიბვლელი სამსახური იყო. ინტერესი ამ პროფესიის მიმართ მით უფრო გამიღრმავდა, რაც გავაცნობიერე, რომ დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება საქართველოსთვისაც გამომადგებოდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს ქვეყანა შეიძლებოდა დამოუკიდებელი გამხდარიყო და მას მეც რამეში გამოვდგომოდი.
რომელ ინსტიტუტში სწავლობდით?
- სწავლა დავიწყე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, რომელიც ამზადებს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის კადრებსაც. მე თავიდანვე ავირჩიე დიპლომატიური სფერო, შემდეგ ერთი წლით სწავლა განვაგრძე ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ დავბრუნდი პარიზში.
რა იყო თქვენი პირველი სამსახური დიპლომატიურ სფეროში?
- პირველად მუშაობა დავიწყე რომში, საფრანგეთის საელჩოში. ყველაზე დაბალი თანამდებობა მეკავა, მაგრამ ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც. რომი ყველაზე საუკეთესო ქალაქია ჩემთვის. მაშინ 22 წლის ვიყავი. იმ ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. თავიდან ძალიან რთული იყო ჩემთვის დიპლომატიური საქმიანობა, რადგან ახალბედა დიპლომატი ვიყავი.
ვკურირებდი შიდა პოლიტიკას, ურთიერთობა მქონდა იტალიის პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ინფორმაციას ვგზავნიდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმ პერიოდში იტალიაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა, რაც ძალიან დამეხმარა დიპლომატად ჩამოყალიბებაში. ჩემს გვერდით იყვნენ გამოცდილი დიპლომატები, რომლებიც მასწავლიდნენ ურთიერთობის ფორმებს და საქმეებთან დაკავშირებულ ნიუანსებს.
იტალიაში დიდხანს დარჩით?
- დიპლომატიური ვადის ამოწურვამდე. თითქმის სამი წლის შემდეგ გადავედი ნიუ - იორკში. „გაეროში“ ვკურირებდი ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურს და, აგრეთვე, სოციალურ საკითხებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული სფერო იყო. სწორედ იმ დროს შევისწავლე მრავალმხრივი კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების ჩატარება. ამერიკაშიც სამ წელს ვიმუშავე, იქ ირეოდნენ მსოფლიოს ახალგაზრდა დიპლომატები, გავიცანი ისინი, ვინც შემდეგ არაერთხელ შემხვდნენ ჩემი კარიერის განმავლობაში.
ახალგაზრდულ წლებში დამყარებული ურთიერთობა კი განსხვავებულ ელფერს იძენს დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ადამიანებს საქმიან ვითარებაში ხვდები. „გაეროს“ შემდეგ მუშაობა განვაგრძე პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კვლევის ცენტრში. იქ ვმუშაობდი აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თქვენ აფრიკულ ქვეყნებშიც გეკისრებოდათ დიპლომატიური მისიის შესრულება. აფრიკაში მუშაობა ქალისთვის ძნელი არ იყო?
- საერთოდ დიპლომატიური საქმიანობა საკმაოდ რთულია ქალისთვის. ეს სამუშაო ძალიან უშლის ხელს ქალს პირადი ცხოვრების თვალსაზრისით: მუდმივი მოგზაურობა, ოჯახისგან შორს ყოფნა იოლი ნამდვილად არ არის. მე ძალიან მეხმარებოდა დედაჩემი, ის ყველგან თან დამყვებოდა და ჩემს შვილებს უვლიდა. დიპლომატიისთვის ქალის ფაქტორი უარყოფითი ნამდვილად არ არის, პირიქით, ქალი უფრო მოქნილი და მოხერხებულია დიპლომატიურ ურთიერთობებში. ყველა ნიუანსის გამოყენება შეუძლია.
ჩემთვის ხელი არ შეუშლია იმას, რომ ქალი ვარ, პირიქით, მეხმარებოდა კიდეც. მხოლოდ ოჯახური საკითხების მოგვარება მიჭირდა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას აფრიკაში. 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჩადში და ეს იყო ერთ - ერთი ყველაზე „ეგზოტიკური სამსახური“. იმ პერიოდში ჩადში მუდმივად ხდებოდა რევოლუციები. იმ ქვეყანას რაღაც საერთო ჰქონდა საქართველოსთან. ძალიან რთული და ხშირად სახიფათოც იყო ჩემთვის ჩადში ყოფნა, თუმცა იქ ძალიან საინტერესო პერიოდი გავატარე.
რომელი პერიოდი იყო თქვენს შრომით ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ვერც ერთ პერიოდს ვერ გამოვყოფ, რადგან სხვადასხვა თვალსაზრისით ინტერესი არ აკლდა ჩემს არც ერთ სამსახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს შრომით კარიერაში, რადგან ვერასდროს გავაკეთებ საქმეს, რის მიმართაც ინტერესი არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერიოდი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გავატარე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.
ხომ არ ინანეთ საქართველოში დაბრუნება აქ განვითარებული მოვლენების დროს?
- არა, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ იმას, რომ საქართველოში ჩამოვედი. ყველაფერი, რაც დიპლომატიური კარიერის დროს ვისწავლე, საქართველოში მუშაობის დროს მაქსიმალურად გამოვიყენე. დიპლომატია გახდა ქვეყნის მართვის ერთ - ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჩემი დიპლომატიური კარიერა საქართველოში დაგვირგვინდა.
პოლიტიკურ კულუარებში უფრო იოლია გზის გაკვლევა თუ დიპლომატიური ურთიერთობების დროს?
- ამ ორ სივრცეს შორის კავშირი არ არსებობს. პოლიტიკა პროფესია არ არის, ეს საქმიანობაა. მე არ მჯერა ინტრიგების არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში. მე სხვა, პირდაპირი პოლიტიკის მჯერა, რაც უფრო მომგებიანია, ვიდრე პოლიტიკური კულუარები.
თქვენ არ თანამშრომლობთ არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან, „ქაჯები“ უწოდეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რის გამოც ხშირად გიყენებენ ბრალდებებს, რომ თქვენ რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენთ.
- მე „ქაჯები“ ვუწოდე ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, ტყუილებით იცხოვრო პოლიტიკაში. ჩვენ ძველებურად პოლიტიკურ თამაშებს თავი უნდა დავანებოთ და ახალი პოლიტიკის შექმნა უნდა დავიწყოთ. იმის გამო, რომ მე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვერდით არ ვდგავარ, ბრალდებებს სერიოზულად არ აღვიქვამ. ყველამ გადახედოს ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, თუ სურვილი აქვს, დარწმუნდება, ვარ თუ არა ნამდვილი ოპოზიციონერი. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პოლიტიკური მომავალი?
- ვიქნები იქ, სადაც ახლა ვარ. თუ მინისტრობა ჩემი პროფესიული კარიერის დაგვირგვინება იყო, პოლიტიკური ცხოვრება, ჩემი პიროვნებისა და ცხოვრების ბოლო სიტყვაა. მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ ამპლუაში, ეს ჩემთვის უცხო თემა იყო. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ახალ „ზონაში“ ვიმყოფები.