იტალიის მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული კარანტინის ვადებს გაახანგრძლივებს, - elmundo-ს ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
„მთავრობის მიერ მიღებული ზომები, როგორიც არის კომერციული საქმიანობის შეჩერება, სკოლების დახურვა, არ შეიძლება არ გახანგრძლივდეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯუზეპე კონტეს თქმით, დაწესებულ შეზღუდვებს თავისი შედეგი გამოაქვს ეპიდემიის გავრცელების შეკავების კუთხით.
იტალიის მთავრობამ კარანტინი 3 აპრილამდე გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.