ბელგიის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს არ აყვნენ პანიკას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ბელგიის სუპერმარკეტებში რიგები დადგა, დახლები დაცარიელდა და საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდსა და მაკარონზე.
„მე დღეს ვიმყოფებოდი 34 ცენტრში, საიდანაც მაღაზიები საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით მარაგდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის, მარაგი საკმარისია და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. სუპერმარკეტები უქმეებზე ღია იქნება და ცარიელ დახლებს შეავსებენ”, - განაცხადა სოფი ვილმესმა.
ბელგიის პრემიერი ვაჭრობის ფედერაციის გენერალურ დირექტორთან, დომინიკ მიშელთან ერთად ეწვია დისტრიბუციის ცენტრს, რომელიც სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებს მაკარონით ამარაგებს.
„საპანიკო არაფერია. იყიდეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ. დისტრიბუციის ცენტრში დაგხვდა 1,2 მილიონი შეკვრა მაკარონი. ყველაფერი საკმარისზე მეტია”, - განაცხადა დომინიკ მიშელმა.
ბოლო მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის 689 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1 ადამიანი განიკურნა, 4 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.