(იბეჭდება შემოკლებით)
მიხეილ სააკაშვილის შესახებ გვესაუბრება მისი თანაგუნდელი და მეგობარი, ფრაქცია „მაჟორიტარების“ წევრი, პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს სწორედ სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი სჭირდება.
ბატონო ნოდარ, პირველად როდის შეხვდით პრეზიდენტს?
- 1992 წლის თებერვალში ან მარტში. სხვათაშორის, ენამ მიყივლა - 1994 წელს დათო ზურაბიშვილს ვუთხარი, ეს ბიჭი მომავალში საქართველოს პრეზიდენტი გახდება - მეთქი.
რას ეხებოდა თქვენი პირველი შეხვედრა და როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მასზე?
- მე მაშინ გაზეთ „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ვიყავი. ის მოვიდა როგორც ავტორი და წერილი მოიტანა, რომელიც მაშინვე წავიკითხე და იმდენად აღვფრთოვანდი, რომ შევთავაზე, ჩვენთან დაეწყო მუშაობა კორესპონდენტად. მაგრამ მან მიპასუხა, რომ ამერიკაში აპირებდა სასწავლებლად წასვლას.
როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრიდან პრეზიდენტზე?
- ვერ ვიტყვი, რომ პირველივე შეხვედრაზე მასზე ნათელი წარმოდგენა შემექმნა. მოვიდა სუსტი, მაღალი, ძალიან მორიდებული და ზრდილობიანი ახალგაზრდა, რომელიც „ცურავდა“ მსოფლიო პოლიტიკაში. წერილი ძალიან ნიჭიერი კაცის მიერ იყო დაწერილი, ამიტომ მაშინვე დავბეჭდე გაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კარგი მასალა მქონდა რედაქციაში. სხვათაშორის, ამერიკაში წასვლის შემდეგაც თანამშრომლობდა ჩემს გაზეთთან. მაშინ ის 23-24 წლის ბიჭი იყო და საპარლამენტო არჩევნების დროს ქვემო ქართლში პირველ ნომრად ჩასვეს სიაში. იმთავითვე გამორჩეული პიროვნება იყო სააკაშვილი.
„ვარდების რევოლუციის“ პერიოდს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- მე 1999 წელს პარლამენტში მოვხვდი, როგორც მაჟორიტარი. როცა სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოყალიბება განიზრახა, არცერთი პარტიის და ფრაქციის წევრი არ ვიყავი. მე გახლდით ერთ - ერთი დამაარსებელი ამ პარტიისა და ჯერ ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ერთი პერიოდი - თავმჯდომარეც. რაც შეეხება რევოლუციის პერიოდს. იმ დროს ყოველი დღე ბეწვის ხიდზე სიარულს უდრიდა. მზად ვიყავით ყველაფრისთვის, ეს იქნებოდა ციხე თუ ხელისუფლების სათავეში მოსვლა.
ბატონო ნოდარ, როგორია პრეზიდენტი თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ურთიერთობის დროს?
- როგორი თავისუფალი და შინაურულიც იყო მიშა ჩვენთან ურთიერთობაში პრეზიდენტობამდე, ახლაც ზუსტად ისეთია და ჩვენგანაც უშუალო და თავისუფალ ურთიერთობებს მოითხოვს. მაგალითად, როცა მე თქვენობით მივმართე, ძალიან ეწყინა. იგი პრეზიდენტობას საერთოდ არ შეუცვლია. პირადი ურთიერთობების დროს ვერ მიხვდები, ელაპარაკები საქართველოს პრეზიდენტს თუ ძველ მეგობარს. რევოლუციამდე ერთ - ერთი ჩვენი მეგობარი კოტე ბერიძე ავტოკატასტროფაში მოყვა. სააკაშვილმა შეგვკრიბა მაშინდელი საბჭოს ყველა წევრი და ეს ამბავი გამოგვიცხადა. თვითონ რაც ჰქონდა ფული ჯიბეში, დადო და ჩვენც მოგვიწოდა, ვისაც რითი შეგვეძლო, დავხმარებოდით. ამით იმის თქმა მინდა, რომ მას ძალიან უყვარს ადამიანების დახმარება. ბოლო ლუკმას გამოიღებს პირიდან, ბოლო პერანგს გაიხდის და სხვას დაეხმარება. უსაზღვროდ აქვს მომადლებული სიკეთე. თუ შეგატყო, რომ ქვეყნისათვის ოდნავი სიკეთის გაკეთება შეგიძლია, ამის გამო უყვარხარ.
თუ პირადად მას სცემ პატივს და ქვეყანაზე გული არ შეგტკივა, პატივს არ გცემს. როცა ემლიქვნელებიან, ეს მას პირიქით, აღიზიანებს, მისთვის მხარდაჭერა არის, როცა საქვეყნო საქმეში უდგახარ გვერდით. მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომელიც ადამიანს ალამაზებს. ამდენი ლანძღვის მიუხედავად, არა მგონია, მას ტალახი მიეკაროს. თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა მას მეგობარი საკუთარი ინიციატივით დაეკარგოს. მას არ ახასიათებს ჩასაფრება, ბოროტი გეგმების დასახვა და მისი განხორციელება. ის ძალიან ღია და გულწრფელია. ხშირ შემთხვევაში საკუთარი ნებით იჩენს მტერს იმის გამო, რომ თუ ადამიანი არ მოსწონს, ამას პირდაპირ ეუბნება. იგი არასოდეს გატყუებს, როცა გელაპარაკება. არასოდეს შემიმჩნევია, ზურგსუკან ილაპარაკოს ვინმეზე, თუნდაც ძალიან ნაწყენი იყოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იგი არის კაცი რომელსაც ორგანულად სძულს კორუფცია.
იმის წარმოდგენაც კი, სააკაშვილმა შეიძლება ასეთი უკანონო ნაბიჯი გადადგას, შეუძლებელია. ხვალ რომ, ღმერთმა დაიფაროს და, უმუშევარი აღმოჩნდეს, მას ვერ უპოვით დაგროვილ ქონებას. ზეგინდელი დღე საფიქრალი ექნება. იგი მოვიდა სუფთა ხელებით და მუშაობს სუფთად.
იუმორის გრძნობით თუ არის დაჯილდოებული ბატონი მიხეილი?
- ასეთი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მას ძალიან სხარტი და ენამოსწრებული ხუმრობები აქვს. თავისი შესანიშნავი იუმორის წყალობით შეუძლია განმუხტოს ძალიან დაძაბული სიტუაციაც კი.
არჩევნები მოახლოებულია, როგორ ფიქრობთ, მოიგებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს?
- მეორე ვადით არათუ გახდება სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი, არამედ იგი მიიღებს 10-ჯერ მეტ ხმას, ვიდრე ყველა მისი კონკურენტი ერთად აღებული.
ორიოდე სიტყვით დაახასიათეთ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი...
- მიშა როგორც დიდი პოლიტიკოსი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მიერ. ყველა კონტინენტზე იციან ჩვენი პრეზიდენტის სახელი და მას დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ბევრს ნიშნავს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პრეზიდენტი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. ყველა რაიონში, სადაც ჩასულა პრეზიდენტი, ადამიანები ცდილობენ, ბოლომდე გამოხატონ მისდამი სიყვარული. ფერეიდანში ყველა ერთად დაცვაში ჩავდექით, რომ სიყვარულით არ გადაეთელათ პრეზიდენტი.
რას თვლით დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად?
- დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ სულ მალე კავკასიონი იქნება არა რუსეთ - საქართველოს საზღვარი, არამედ რუსეთისა და ცივილიზებული კაცობრიობის საზღვარი. ეს გულისხმობს ნატოში შესვლას. მეტი რომ არაფერი გააკეთოს სააკაშვილმა და საქართველო შეიყვანოს ნატოში, მხოლოდ ეს ფაქტი იქნება საკმარისი, რომ მისი სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს. აღარაფერს ვამბობ დანარჩენ მიღწევებზე, რომელიც, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო.