ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელის მი ფენის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მთლიანობაში უკვე გადავლილია. ამის შესახებ El Mundo წერს.
„ამჟამად უხანის გარდა ხუბეის პროვინციის ყველა ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ინფიცირების ახალი შემთხვევები. ხუბეის პროვინციის გარეთ შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ექვსი შემოტანილი იყო. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია“, - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.