სუდანის დედაქალაქ ხარტუმში უცნობმა პირებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, აბდულა ჰამდუკის მოკვლა სცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.
ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის ქალაქში გადაადგილებისას გზის პირას მდგარ ავტომობილში ჩადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად აბდულა ჰამდუკი არანაირი დაზიანება არ მიუღია.
აბდულა ჰამდუკმა სუდანის მთავრობის მეთაურის პოსტი გასული წლის აგვისტოში დაიკავა, მას შემდეგ რაც 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავდა.
17 აგვისტოს სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის" ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სუვერენულ საბჭოში, რომლის შექმნაზეც მხარეები ივლისში შეთანხმდნენ, 11 სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელი შედის. 5 მათგანს სამხედრო საბჭო, 5-ს ალიანსი „თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის“ ირჩევს, კიდევ ერთი კანდიდატურა კი ორივე მხარის მიერ შეთანხმდა. სუვერენული საბჭო სულ მცირე 3 წელი იარსებებს, რის შემდეგაც გარდამავალი სამხედრო საბჭო დაიშლება.