კორონოვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ევროკავშირის საბჭო მუშაობას ზღუდავს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„ევროკავშირის საბჭოს, მისი ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომათა რაოდენობა შემცირდება. საბჭოს პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, თუ რომელი სხდომები უნდა ჩატარდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სხდომებში მონაწილე დელეგაციების რაოდენობა ასევე შეიზღუდება.
„ვიზიტორების ჯგუფების მიღება და არაარსებითი ტრენინგების ჩატარება შეჩერდება. ევროკავშირის საბჭოს თანამშრომლებს რეკომენდაცია ეძლევათ მაქსიმალურად შეზღუდონ შიდა შეხვედრები და განაგრძონ ჰიგიენური ზომების მიღება“, - აღნიშნავენ საბჭოში.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.