ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა.
„ვატიკანის ჯანდაცვისა და ჰიგიენის დირექციის ამბულატორიაში ყველანაირი სამედიცინო მომსახურების გაწევა შეწყდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვატიკანში ასევე აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იტალიის კომპეტენტურ ორგანოებს გადასცეს და სამედიცინო პროტოკოლის თანახმად მოქმედებენ.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.