ჩინოსნებმა კირკიტაძეს მოწოდება არ „გაიზიარეს“

ჩინოსნებმა კირკიტაძეს მოწოდება არ „გაიზიარეს“

(იბეჭდება შემოკლებით)

გორელმა ჩინოვნიკებმა ხელფასები გაიზარდეს და ძვირადღირებული მანქანებით დაიწყეს სიარული.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა შარშან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დავით კირკიტაძე, თვითმმართველობის ლიდერებს ხელფასებს უმცირებდა და იაფფასიანი მანქანებით სიარულს აიძულებდა.

2008 წელს გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ხელფასი 2 300 ლარამდე გაიზარდა. 2007 წელს ოქრუაშვილის მეგობარს, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძეს, 1 100 ლარი ჰქონდა ხელფასი. არადა ნადირაძე მას შემდეგ გახდა იძულებული ხელფასი 2 ათასი ლარიდან 1 100 ლარამდე ჩამოეწია, რაც კირკიტაძემ 2007 წლის მარტში თვითმმართველობის ლიდერებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი წელს 2 500 ლარამდე გაიზარდა. ყოფილ გამგებელ მახარაშვილს, რომელიც 12 სექტემბერს დაიჭირეს, 1 200 ლარი ჰქონდა ხელფასი.

ხაშურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს 2 360 ლარი აქვს ხელფასი.

კასპის მუნიციპალიტეტშიც იგივე სიტუაციაა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში გორის მუნიციპალიტეტის ხარჯები 88 ათასი ლარიდან 117 ათას ლარამდეა გაზრდილი. სამსახურებრივი „მერსედესებით“ მოძრაობენ გამგებლები, ცალ - ცალკე „მერსედესები“ ჰყავთ გორის საკრებულოს თავმჯდომარესა და რაიონის გამგებელს.

გორის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი სარგოები პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით გაინაწილეს, სადაც წერია, რომ მუნიციპალიტეტის ხელფასის ზედა ზღვარი უნდა იყოს 2 500 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი - 135 ლარი.

შიდა ქართლის აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტმა სამსახურებრივი სარგოს გამოსაანგარიშებლად მაქსიმალური ზღვარი გამოიყენა.