დეპუტატების უმრავლესობას ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს. როგორც "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამბობს, არც ის იციან, ეს დეპუტატები საქართველოში ბიზნესის 80%–ს რომ აკონტროლებენ. ვინ რა ბიზნესს აკონტროლებს, ვინ მდიდრდება გზების დაგებით, როგორ იქეიფეს საქართველოს მთავრობის წევრებმა პუტინის ახლობლის დაბადების დღეზე, ამ თემებზე თემურ შაშიაშვილი „სარკეს" ესაუბრა.
თემურ შაშიაშვილი:
- მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში ფულიანი ადამიანები პარლამენტში შესვლას ერიდებიან. ერიდებიან იმიტომ, რომ იქ პარლამენტის წევრზე ყველამ ყველაფერი იცის. ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები იმდენად ხშირად გამოდიან სიტყვით, რომ მათ ყველა იცნობს. ჩვენთან კი პირიქით არის. აქ დეპუტატებად ხდებიან იმისათვის, რომ ხალხს დაემალონ. ხალხის არჩეულებმა ხალხი გააკოტრონ და მათზე ასჯერ და ათასჯერ უკეთესად იცხოვრონ. დეპუტატების 80%–ს პარლამენტში ხმა არ ამოუღია. მათ არათუ ამომრჩევლები, საკუთარი კოლეგებიც კი ვერ ცნობენ. სამაგიეროდ, ეს ადამიანები საქართველოში ბიზნესის 80%–ს აკონტროლებენ.
კონკრეტულად რა ბიზნესს აკონტროლებენ?
- თითქმის ყველაფერს, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ციხეში პურის შეტანის ბიზნესსაც კი, დეპუტატები აკონტროლებენ. ოქროსა და მარგანეცის მომპოვებლები პარლამენტში სხედან. გზების დაგებით ერთი კონკრეტული ადამიანი მდიდრდება.
ვინ მდიდრდება?
- ვინ და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში პირველი მეცემენტეა. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ დოკუმენტს. საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს ელიტური კორუფციის მორიგ მაგალითს. ხელისუფლებამ ლამისაა "შეგვჭამოს", გზებს ვაგებთო. გზების დასაგებად მათ სესხიც აიღეს. არადა, იტალიელმა ვალონიმ და ზურაბ ჟვანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოში გზების დაგებას ეხებოდა. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოში გზების დაგება 2008 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. შეთანხმება ექვსმწკრივიანი გზის დაგებას გულისხმობდა. გზების დასაგებად ვალონის ფული უკვე ნაშოვნი ჰქონდა. სამუშაოებიც დაიწყო. მცხეთამდე დააგეს გზა და ეს კაცი გაიქცა. ამბობდა, ვერ გავიგე, ამათ როგორი გზები სჭირდებათო. ჩიოდა, ამათ გზის დაგებაზე მეტად, ვიღაცის ცემენტის გასაღება უნდათო. ეს ვიღაცა ქვეყნის მთავარი მეცემენტე დავით ბეჟუაშვილი გახლავთ. გარდა ამისა, ის აკონტროლებს ტყიბულის ნახშირს. მასზეა დამოკიდებული ნახშირსა და ცემენტზე ფასების დადება. გზების დასაგებად აღებული ვალები ბეჟუაშვილის ცემენტში მიდის. ის კი მდიდრდება. მან საკუთარი თვითმფრინავი იყიდა. როგორც უკვე გითხარით, ამ საკითხს ჩვენ ვსწავლობთ და მალე საზოგადოებას ძალიან საინტერესო მასალას მივაწვდით. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დეპუტატ კოხოძეს ხელისუფლებამ 1 ლარად სანატორიუმი "საირმე" აჩუქა. აი, ასე ანიავებს ხელისუფლება ხალხის ქონებას. ამ კოხოძეს, წესით, უარი უნდა ეთქვა დეპუტატობაზე.
რატომ უნდა ეთქვა უარი დეპუტატობაზე?
- იმიტომ, რომ ის არჩევნებში შვილმკვდარ მამას, სოსო რობაქიძეს, დაუპირისპირდა. სოსოს, ერთადერთი შვილი, ბუტა, ამ ხელისუფლებამ უდანაშაულოდ მოუკლა. შვილმკვდარ მამას რომ დაუპირისპირდები, რაღა უნდა ელაპარაკო იმას. კოხოძეს ხელისუფლებამ ბევრი ფული დაახარჯინა. ეტყობა, ახლა, კომპენსაციის მიზნით აჩუქეს სანატორიუმი "საირმე". ცოტა ხნის წინ, დიდი ამბები იყო ატეხილი სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით. ამ ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს ეკა ხერხეულიძის ოჯახი აკონტროლებს. მე მანქანა არა მყავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. ქუთაისშიც მარშრუტკით ჩავდივარ ხოლმე. ქუთაისის სადგურში მძღოლებმა ისეთი რამეები მიამბეს... თურმე, რას უძლებს ეს ხალხი. ჩვენ, ელიტური კორუფციის შესახებ, მასალების გამოქვეყნებას მომავალშიც გავაგრძელებთ. საზოგადოება ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს. იმედია, ამ ცნობებს საელჩოებიც გულისყურით მოეკიდებიან. მართალი რომ გითხრათ, მე ელჩებზე გული მწყდება. ისინი არაფერს ამბობენ, თუ რა ხდება საქართველოში. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ბიზნესმენები შეშინებულები არიან.
იქნებ არ იციან, რომ შეშინებულები არიან?
- ძალიან კარგად არიან, იმიტომ, რომ გამუდმებით ამ თემაზე მიდის საუბარი. თუ არ იციან, მაშინ მე კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ ბიზნესი დაშინებულია. დემოკრატიულ ქვეყნებში ბიზნესმენების მხრიდან ოპოზიციის დაფინანსება დიდ ღირსებად ითვლება. ამის გამო, იქ პრობლემებს არავის უქმნიან. საქართველოში კი ასეთი რამე ძალიან სარისკოა. გაზეთები აჭრელებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ მეწარმეებმა ნაციონალებს 12–15 მილიონი ჩაურიცხეს. ერთი მაჩვენეთ მეწარმე, რომელმაც ღიად გაბედა ოპოზიციისთვის ფულის მიცემა.
ეხმარებიან მეწარმეები ოპოზიციას?
- რა თქმა უნდა. ოპოზიციას ბევრი მეწარმე თანაუგრძნობს. უბრალოდ, მათ ამის ხმამაღლა თქმის ეშინიათ. პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ მათ წინაშე.
რატომ ხართ უხერხულ მდგომარეობაში?
- იმიტომ, რომ ადამიანი გეხმარება და იმას გეხვეწება, არ თქვა, რომ მოგეხმარეო. ეს არის მონური ფსიქოლოგიის ქვეყანა. ვისაც დიდი ფული აქვს, ის უფრო დიდი მონაა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საქართველოში დღეს მეწარმეები არიან. ამ ხელისუფლების წყალობით, უამრავი ბიზნესმენი გაიქცა საქართველოდან. ცოტა ხნის წინ, საქართველო დატოვა აფხაზმა კონსტანტინე სალიამ, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ბიზნესის კეთება უნდოდა, ქართულ–აფხაზური პრობლემის მოგვარებითაც იყო დაინტერესებული. მას აფხაზეთში დიდი სანათესაო ჰყავს. სალიას ქართველებისა და აფხაზების დაახლოება შეეძლო. ამის გამო, ხელისუფლება მისი მადლობელი უნდა ყოფილიყო. ამათ კი, იძულებული გახადეს, წასულიყო.
პრობლემები შეუქმნეს?
- ნახევარი მილიონის გადახდა სთხოვეს. ის ადგა და ანგელა მერკელს სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. კონსტანტინე სალია გერმანიაში მთელი ოჯახით გაიხიზნა. ეს ხელისუფლება მარტო იმათ ახარებს, ვინც მათიანია. სხვას რაიმეს გაკეთების უფლება არა აქვს. მონოპოლისტები გახდნენ და როგორც უნდათ, ისეთ ფასებს აწესებენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების განახევრება შეიძლება. სააკაშვილი გამუდმებით სხვას ადანაშაულებდა კორუფციაში, ახლა, ხმას აღარ იღებს. არადა, ის და მისი გარემოცვაა ყველაზე მეტად კორუმპირებული. ჯერ მარტო ის ნახეთ, რა სასახლეები აიშენეს. თან, ეს იმ პრეზიდენტმა გააკეთა, რომელიც იფიცებოდა, ნაქირავებში უნდა ვიცხოვროო. მასა და მის ოჯახს რამდენიმე სასახლე აქვს. ერთ–ერთი სასახლე სიხარულის ქუჩაზე აქვს. ქვეყანა რომ თავზე გენგრევა, ქუჩას სიხარულის ქუჩას როგორ არქმევ. ანდა, ამ ქუჩაზე სასახლეს როგორ იშენებ. მაგრამ არც პრეზიდენტს და არც სხვებს, არაფრის რცხვენიათ. გვიმტკიცებენ, თითქოს რუსეთის მტრები არიან, ამ დროს მათთან აქვთ კავშირები. ჩვენ ჩაიკოვსკის მოსმენას გვიკრძალავენ, თვითონ კი, რუსებთან ერთად "დენ პაბედის" ჰანგებზე ქეიფობენ.
ვინ ან სად იქეიფა რუსებთან ერთად?
- ამ ცოტა ხნის წინ, რუსული გამანაწილებელი კომპანიის, "თელასის" გენერალური დირექტორის, იური პიმენოვის დაბადების დღე ერთ–ერთ პრესტიჟულ რესტორან "ბაგრატიონში" დიდი ზარზეიმით აღნიშნეს. ქეიფის დროს ისმოდა როგორც ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ასევე რუსული რომანსები. ბოლოს კი, "დენ პაბედიც" დასცხეს, ასე ძალიან რომ არ უყვარს ჩვენი კულტურის მინისტრს ნიკა რურუას. ამ პომპეზურ დაბადების დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, თბილისის მერი გიგი უგულავა, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი და მრავალი სახელმწიფო მოხელე ესწრებოდნენ. ისე, ურიგო არ იქნებოდა, თუ თქვენი მკითხველი ინტერნეტით მოიძიებდა, ვინ არის "ინტერრაოს" დამფუძნებელი.
თქვენ გვითხარით, ვინ დააფუძნა ეს კომპანია?
- "ინტერრაოს" საიტზე დაინტერესებულები ნახავთ, რომ მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის იგორ სეჩინი, რომელიც რუსეთის ვიცე–პრემიერია და ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა კრემლში. არც არავინ მალავს, რომ იგი კგბ–ს წარმატებულ გენერლად ითვლება. ჩვენ ჩაიკოვსკის არ უნდა მოვუსმინოთ, ამათ კიდევ პუტინის რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იქეიფონ. ქეიფის გარდა, საკუთარი ოჯახის წევრებიც რუსულ კომპანიებში ჰყავთ დასაქმებულები.
ვის ჰყავს ოჯახის წევრები რუსულ კომპანიაში დასაქმებული?
- იგივე გურამ ჩალაგაშვილს. მისი და და სიძე თბილწყალკანალში არიან დასაქმებულები, რომელიც ასევე რუსული კომპანიაა. ენერგეტიკის მინისტრის ხეთაგურის მამა რუსული "ინტერრაოს" კუთვნილ "თელასში" მუშაობს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. იმავე ხეთაგურმა თავისი ძმა ასევე რუსულ "ინტერრაოს" ჰიდროელექტროსადგურ "ხრამზე" მოაწყო. მგონი, ყველაფერი ნათელი.