„მიშას აღმავლობაში წვლილი მიმიძღვის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით“

„მიშას აღმავლობაში წვლილი მიმიძღვის, რისთვისაც ბოდიშს გიხდით“

(იბეჭდება შემოკლებით)

 

იყო დრო, „ვაკის გონივრული განვითარების ცენტრი“ ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდებოდა. ე. წ. ვაკის ქალბატონებს სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ გაყვანაშიც ლომის წვლილი მიუძღვით და ნაციონალების აქტიური წევრების გამოჩეკვაშიც. ამის მიუხედავად, ვაკელებსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმ,ე დღის წინათ კი ამ აქტიურ ქალბატონებს ვაკის პარკში არსებული იმ ოფისიდანაც კი ასახლებდნენ, სადაც 1999 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდნენ.

„ქრონიკა“ სიტუაციის გასარკვევად „ვაკის გონივრული განვითარების“ ცენტრის თავმჯდომარეს, ლეილა გაფრინდაშვილს ესაუბრა.

- ოფისი იჯარით არ გვქონდა აღებული. როდესაც ვაკის პარკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, მერე გახდა ჩვენი ოფისი სადავო, მანამდე მიშას ვემხრობოდით და ოფისიც ჩვენს განკარგულებაში იყო. როდესაც ურთიერთობა დაიძაბა, იმ ოფისს გვედავებიან, საიდანაც მიშამ თავისი აღმასვლა დაიწყო.

რატომ დაგეძაბათ სააკაშვილთან ურთიერთობა?

- მიშამ პოლიტიკური აღმასვლა ჩემს ხელში დაიწყო. ლომის წვლილი მიმიძღვის მის საკრებულოს თავმჯდომარედ გაყვანაში, რასაც ძალიან ვნანობ და თბილისის მოსახლეობას ამის გულისთვის ბოდიშს ვუხდი. თუმცა იმ პერიოდში მეგონა, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან ვიფიქრე, რომ სააკაშვილი თბილისისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა.

კარგად მახსოვს 1999 წლის საკრებულოს არჩევნები. მიშას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ჩემი ინიციატივით ლადო ჭანტურიამდეც მივედი, რომ სხდომის ჩატარების წინააღმდეგი არ წასულიყო და „ცეესკოს“ სხდომაც დაენიშნათ: ისიც დაგვთანხმდა, ლომინაძეც დავიყოლიეთ და სხდომა პარასკევს ჩაინიშნა, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიას საკრებულოს არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება არ მოესწრო. მაშინ სასამართლოები შაბათ-კვირას ისვენებდა.

ეს ყველაფერი შეთანხმებული გქონდათცეესკოსთან“?

- დიახ. მოვიდა პარასკევი დღეც, 13 საათზე იყო სხდომა დანიშნული. როდესაც მივედი, რას ვხედავ? - სხდომა უშუქობის გამო იშლება, რადგან დენის კაბელი გასკდა და კომპიუტერების გარეშე ჩატარება ვერ მოხერხდებოდა - ყველა მონაცემი იქ ინახებოდა. მივედი ლომინაძესთან და ვუთხარი, - ნახევარ საათში დენის პრობლემა რომ მოვხსნა, სხდომას ჩაატარებთ-მეთქი? დამთანხმდა. მეც გავქანდი „თელასში“ და პრობლემაც მოგვარდა. მახსოვს, ხათუნა გოგორიშვილი სააკაშვილზე მეუბნებოდა, - ამ სულელის გულისთვის თავს რატომ იკლავ, რას წვალობო? მაინტერესებს, ახლა რას მეტყვის?!

ესე იგი, დღეს მწარედ ნანობთ სააკაშვილის ასეთ მხარდაჭერას?

- სამწუხაროდ, ასეა. ამომრჩევლებს არ ხვდებოდა, რომელმაც აირჩია. პირიქით, ერთი კარიდან შეძვრებოდა და მეორე კარიდან გადიოდა. სწორედ მაშინ გამიჩნდა პროტესტი და ეს ხმამაღლა დავაფიქსირე კიდეც. მეორე დაპირისპირება კი მაშინ გაჩნდა, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე. სააკაშვილს სასტიკად არ უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. კარგად მახსოვს, საკრებულოში რომ ვიყავით, მასთან მხოლოდ მე ვახერხებდი შესვლას და თუ ვინმეს რამის თქმა უნდოდა, მე მაბარებდნენ.

კონკრეტულად რომელიმე დამისახელეთ...

- დაწყებული ბესო ჯუღელით და ნებისმიერი მისი გარემოცვით დამთავრებული. სააკაშვილი, ვისაც ვერ იმორჩილებდა, კობა დავითაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი იყვნენ. დანარჩენს, როგორც უნდოდა, ისე ექცეოდა. ისე, ოქრუაშვილი ყოვლად უვარგისი ადამიანია, მაგას მიშა სჯობია, მიშას რაღაცას შეაგნებინებ, მაგრამ ოქრუაშვილს?! ეს არის პიროვნება შეზღუდული გონებით, ღრჯუ ადამიანი, საშინლად ამბიციური და სრულიად უვიცი. სააკაშვილის გარეშე ის არაფერი იყო და ბოლოს ეს დაამტკიცა კიდეც. სხვათა შორის, ოქრუაშვილზე ამბობენ, მიშას დავალებით პარტიას ქმნის...

თქვენ პრეზიდენტის მარჯვენა ხელი იყავით. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რომელიმე საპატიო პოსტი რატომ არ შემოგთავაზათ?

- არ შემომთავაზებდა, რადგან მას არ აწყობდა ჩემნაირი დაუმორჩილებელი ადამიანი, რომელიც სათქმელს პირში ეტყოდა. ის რაც ჩემს კოლეგას, ნანული ქაჩიბაიას გაუკეთა, შეურაცხყოფა მიაყენა სააკაშვილმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა.

ვითომ ქაჩიბაია ვაკის პარკში იშენებდა ბინებსო. სისულელეა, ჩვენი ოფისი იმ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც იმ ბინებს აშენებდა, რაზეც ქაჩიბაიას ედავებოდნენ. ბინა არაფერ შუაში იყო, ოფისის ჯინი სჭირდათ.

სხვათა შორის, ოფისის აღებაში სააკაშვილზე უფრო ჟვანია და მაჭავარიანი მეხმარებოდა, სამაგიეროდ, სააკაშვილმა გამოიყენა. ქაჩიბაიას ბექაურმა და არველაძის ბანდამ აჯობა. რადგან ქაჩიბაია სააკაშვილს ყველაფერს უყვებოდა, ეგონა, რომ მიშა მის მხარეს იყო. არადა, ქაჩიბაიას მოყოლილი ამბების მერე სააკაშვილი იმ „ბანდას“ კარგად აკვალიანებდა.

ქალბატონო ნანული, არა მხოლოდ სააკაშვილი, ბევრი ნაციონალი გამოზარდეთ. რომელიმე მათგანი არ გამოგესარჩლათ ამ დღეებში?

- ყველას ეშინია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხომ გითხარით, ისინი მე მიშვებდნენ ხოლმე მიშასთან რამის სათქმელად. მახსოვს, ჯუღელზე რას ამბობდა სააკაშვილი.

საინტერესოა, რას?

- ანტიკორუფციულ კომისიაში რომ ვიყავით, მიშა არ ღებულობდა. ჯუღელი მეუბნებოდა, შენ თავისუფლად შედიხარ და ეგება პრობლემებიც შენ უთხრაო. მიშასთან რომ შევდიოდი, ვეუბნებოდი, კაცო, ასეთი რა შეაშინე ჯუღელი, შენთან ვეღარ შემოდის-მეთქი. მოაშორე, თუ ღმერთი გწამს, ეგ ხომ დებილიაო. აი, ამას ამბობდა ბესო ჯუღელზე. ახლა ხომ ხედავთ, პრიმაა.

ვინ იყო სააკაშვილისთვის იმ პერიოდში ყველაზე ერთგული პიროვნება?

- როდესაც საკრებულოში იყო, მისთვის ყველაზე ახლობლები იყვნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი არველაძე, ზურაბ მელიქიშვილი. დანარჩენი მერე მოხვეტა. სხვათა შორის, მიშას გარემოცვა არ უვარგა, თორემ თავად მთლად ასეთიც არ არის. მას აუცილებლად სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ეტყვის, რა შეიძლება და რა - არა... ასეთი ადამიანი კი ზურა ჟვანია იყო. ჟვანია დიდი პოლიტიკოსი იყო, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ყველას ერთად ჩაისვამდა ჯიბეში და იმიტომაც აღარ არის ცოცხალი!

ისე საინტერესოა, რომ მიშამ ჰალსტუხის შეკვრა არ იცოდა, სანდრა უკვანძავდა ხოლმე. რამდენიმე გაკვანძულ ჰალსტუხს მანქანის „ბარდაჩოკში“ ინახავდა. ერთხელაც ბიუროზე აგვიანდებოდა, სახლიდან გამოვარდა, ჩაჯდა მანქანაში, გამოაღო „ბარდაჩოკი“, ჰალსტუხი თავზე სასწრაფოდ ჩამოიცვა და ბიუროზე შევარდა. ჟვანიამ გახედა და ეუბნება, პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგაო. მიშამ დაიხედა და რას ხედავს, ორი ჰალსტუხი უკეთია. ერთი სანდრას გაკეთებული, მეორე - „ბარდაჩოკიდან“ ამოღებული.

სხვებიც ასეთიზედმეტად მოწადინებულებიიყვნენ?

- მაია ნადირაძე, კაკო ასათიანს აწევს ცოდვად, დღემდე ვეუბნებით, რას გვერჩოდი კაკო, რა გინდოდაო.

რაღაცის თქმა გინდოდათ, რატომ გაჩერდით?

- ნადირაძე ყოვლად უტიფარი და ზნედაცემული ადამიანია. მიშას რომ ჰყავს პარლამენტში ჭურჭლის მრეცხავი, რა ჰქვია, დამავიწყდა... დიდი თვალები რომ აქვს...

ჭურჭლის მრეცხავი არ ვიცი, მაგრამ დიდი თვალები ნინო კალანდაძეს აქვს?!

- დიახ. მიშა ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე რომ იყო, შუაღამისას ხშირად სტუმრობდა ნინო მას. ოთახში რას აკეთებდნენ, ნამდვილად არ ვიცი, იმ შენობაში ვერავის წაასწრებდი (იცინის). ჩინოვნიკი კი არ იყო და არაფერი... გავიგე, ახლა ნიკა გვარამიას ეფანცქვალება.

საინტერესოა. გიგა ბოკერიასაც ასე კარგად იცნობთ?

- ბოკერიაზე საუბარი ძალიან გამიჭირდება, რაც არის, თავად ხედავთ, მაგრამ მისი ოჯახი ჩემი ახლობელია... გიგაზე ძალიან განვიცდი, რადგან ის თავის კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს. ღმერთმა შეუნდოს.

ნიკა გვარამია?

- გვარამიას და კუკავას ზვიად ძიძიგურთან მე გავუწიე რეკომენდაცია და ისინიც ჩემი წყალობით მოხვდნენ პარლამენტში. ჩემი ადვოკატები იყვნენ, ნიჭიერი ბიჭები არიან.

კიდევ ვინ არის პარლამენტში თქვენი წყალობით მოხვედრილი?

- მეტი არავინ. იმ პერიოდში მიშა უკვე აღარ მენდობოდა. სხვათა შორის, ეზოებში ხალხთან შეხვედრები და აგიტაციებიც ჩემი იდეა იყო.

დღევანდელი საკრებულო როგორ მოგწონთ?

- ბეგაშვილი სამარცხვინო კაცია.

რატომ?

- ზაზა ბეგაშვილი სრულიად უწიგნური, უვიცი და უინტელექტო კაცია, ეს ის ადამიანია, რომელსაც ელიავას ბაზრობაზე ჰქონდა ჯიხური ჩადგმული და ნაწილებით ვაჭრობდა. დღეს კი ფულის ჭრის მეტს არაფერს აკეთებს, ნახეთ როგორც ცხოვრობს...