ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ტიპის „კორონავირუსის“ მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.
დიაგნოზი ექიმებმა ჩინეთიდან ჩასულ 21 წლის ქალს დაუსვეს. ის სიდნეიში ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, პირდაპირი რეისით ჩავიდა. ქალი კლინიკაში თავად მივიდა, როგორც კი შესაბამისი სიმპტომები შენიშნა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა ავსტრალიაში სამხრეთ უელსის შტატში, ხოლო კიდევ ერთი მელბურნში ( ვიქტორიის შტატი) გამოვლინდა.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ავსტრალიაში ექიმების დაკვირვების ქვეშ კიდევ 10 ადამიანი იმყოფება.
ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.