ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ლაინერის ავიაკატასტროფის შესახებ მეორე წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თეირანი ადასტურებს, რომ თვითმფრინავს ზენიტური სარაკეტო კომპლექს „თორ-მ1“-იდან გამოშვებული მცირე მანძილის ორი რაკეტა მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ლაინერი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერთან კავშირი 2 469 მეტრის სიმაღლეზე დაკარგა.
ლაინერი ჯერ საზოგადოებრივი პარკის ტერიტორიაზე დაეცა, შემდეგ კი დაიშალა და საფეხბურთო მოედანი და ბაღები გადაკვეთა.
ირანის ხელისუფლებამ ასევე აღიარა, რომ შავი ყუთების გაშიფრვა არ შეუძლია, რადგან ისინი მოწინავე ტექნოლოგიებით არის შესრულებული, საფრანგეთმა და აშშ-მა კი თეირანს გაშიფრვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე უარი განუცხადეს.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,
მანამდე, 8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.