ჯალათი ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისმა გულში ჩაიკრა

ჯალათი ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისმა გულში ჩაიკრა

(იბეჭდება შემოკლებით)

ხრუშჩოვის სახელი საქართველოში ცნობილი და პოპულარული არასოდეს არ ყოფილა. აქ მისი სახელი ცოტა ვინმეს თუ გაეგო, ისე როგორც დღესაც ცოტა ვინმემ თუ იცის ვინ არის უკრაინის ცკ-ს მდივანი ან მოსკოვის ოლქკომის მდივანი.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ის მოევლინა ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას მთავრობის მეთაურად, ხალხმა უნდოდა ეს თუ არა, დაიმახსოვრა მისი სახელიც.

1956 წლის 9 მარტს, როცა თბილისის ქუჩებში მისი ბრძანებით ფეთქებადი ტყვია დაუშინეს ქართველ ახალგაზრდობას, მოსწავლე და სტუდენტ გოგო-ბიჭებს, როცა მტკვარი წითლად შეიღება ქართველების სისხლით და როცა მშობლებს იმის უფლებაც არ მისცეს, ხიშტით თუ ტყვიით განგმირული თავისი შვილი დაემარხა, ხალხს საბაბი მიეცა სულით ხორცამდე შეეძულებინა ეს გაიძვერა უზურპატორი, მაგრამ ქართველი ხალხი, როგორც ჩანს სხვებზე მეტად მიმტევებელია, სამარცხვინოდ მიმტევებელი.

გაიარა რაღაც ხუთმა წელმა და1961 წლის მაისის დასაწყისში  მის ჩამოსვლას საქართველო, გასაბჭოების 40 წლისთავზე, არნახული ზეიმით და ტაშის გრიალით, ოვაციითა და აღფრთოვანებით შეეგება. ცოტა ვინმესღა ახსოვდა, ან არც ახსოვდა მისი ბრძანებით დაღვრილი ქართული სისხლი მშობლიური თბილისის ქუჩებში.

ძველი კომუნისტების ხელმოწერით გაზეთებში გამოჩნდა წერილი: „მადლობა ძვირფასო ნიკიტა სერგის ძევ!“. ხრუშჩოვს გულითადად მიესალმნენ, მათი ხელმოწერებით გამოქვეყნებული მთელი რიგი სტატიებით და წერილებით, ჩვენი რესპუბლიკის წარჩინებული ადამიანები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები - რამდენად გულწრფელი იყო ეს მისალმება, არავინ იცის, ეს კია, ხალხს თვალებში ნაცარს აყრიდნენ.

ნიკიტას ტაშს უკრავდნენ ქუჩებში, მოედნებზე, ყველგან, სადაც კი მივიდა და ვინც კი მოინახულა. ტაშისმკვრელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერი ჯერ კიდევ მძიმედ იყო ავად ჭკუათხელობითა და პათოლოგიით. არა და ტაშის დამკვრელები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო.

ქართველმა ხალხმა ხრუშჩოვთან ასეთი გიჟურად აღტკინებული შეხვედრით დაამტკიცა, რომ სწორედაც ღირსნი ვიყავით მონობის უღლისა და აკი ღირსებითაც ვატარეთ, ხრუშჩოვის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ 28 წელი. საქართველო ტაშს უკრავდა ხრუშჩოვს, ხრუშჩოვისთვის კი საქართველო სხვა არაფერი იყო, გარდა დასასვენებლად ვარგისი ადგილებისა და კარგი ღვინის ქვეყნისა, მაგრამ ისიც ბევრად არ ენაღვლებოდა, რაკი კახეთში მოგზაურობისას კახელებს უთხრა, რად გინდათ ამხელა ვენახები, გაკაფეთ და სიმინდი დათესეთო.

სწრაფად და ოპერატიულად გამოიცა 250 გვერდიანი წიგნი, ყველაზე საუკეთესო თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილი, მთლიანად მიძღვნილი ძვირფასი ნიკიტა სერგის ძის საქართველოში ყოფნისადმი, რომელშიც აღინიშნა მისი ყოველი სიტყვა, ყველა რეპლიკა, გარდა, რა თქმა უნდა, აშკარა სისულელეებისა.

იმ წიგნში დაიბეჭდა მჟავანაძის, თვით ხრუშჩოვის, ვორონოვის, პოდგორნის, მაშეროვის, რაშიდოვის და სხვათა და სხვათა მისასალმებელი სიტყვები, რომლებიც ვითომ საქართველოს ეძღვნებოდა, სინამდვილეში კი უხვად იყო გაჯერებული ხრუშჩოვის ქება-დიდებით.

აი, როგორ დაამთავრა თავისი სიტყვა დღეს საქვეყნოდ ცნობილმა მლიქვნელმა და მექრთამეობის თავკაცმა, უზბეკეთის კპ ცკ-ის პირველმა მდივანმა რაშიდოვმა: „ ჩვენი მომავალი მშვენიერია, იგი გაცისკროვნებულია ლენინის გენიის ჩაუქრობელი შუქით, ჩვენ გამარჯვებიდან გამარჯვებისაკენ მიგვიძღვის მშობლიური კომუნისტური პარტია, მისი ცენტრალური კომიტეტი, რომელსაც მეთაურობს გამოჩენილი ლენინელი, კომუნიზმის გამარჯვებისათვის მტკიცე და ერთგული მებრძოლი ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი.“