უხვმა ნალექმა ავსტრალიაში, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, შესაძლოა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიოს. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სამხრეთ უელსის და ვიქტორიის შტატებში, რომლებიც სტიქიამ ყველაზე ძლიერად დააზარალა, უკვე 50 მმ ნალექი დაფიქსირდა. ეს გვალვის შესაჩერებლად და ხანძრების ჩასაქრობად საკმარისი არ აღმოჩნდა - შტატების ტერიტორიაზე 80-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებს, ელჭექმა კი ერთ-ერთ ეროვნულ პარკში ორი ახალი ხანძარი გააჩინა.
წვიმა და ძლიერი შტორმები ქვეყნის აღმოსავლეთით კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა სპეციალისტების მოლოდინით, იმ რეგიონებში, სადაც ხეები დაიწვა, ნალექი ახალ სტიქიურ უბედურებას გამოიწვევს.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. გადარჩენილების დასახმარებლად მთავრობა საკვებს ვერტმფრენებიდან აგდებს.
ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში საჯარო გამოძიება ჩატარდება. ძლიერი დაკვამლიანების მიუხედავად, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩოგბურთელებს პრობლემები შეუქმნა, ქვეყანა Australian Open-ის გადადებას არ აპირებს.