მოსკოვში რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბადრი პატარკაციშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოუხსნა.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ „ლოგოვაზის“ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით პატარკაციშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ფინანსური პრეტენზიის უსაფუძვლობა აღიარა.
2002 წლის 30 ოქტომბერს, ბასმანის სასამართლომ გენერალური პროკურატურის მოთხოვნით ბიზნესმენების ბორიზ ბერეზოვსკის, ბადრი პატარკაციშვილისა და იური დუბოვის დაპატიმრების სანქცია გასცა. რუსი სამართალდამცველები მათ ბერეზოვსკის მიერ დაარსებული „ლოგოვაზის“ კომპანიის საშუალებით დიდი ოდენობით თანხის დატაცებაში ადანაშაულებდნენ.
ბრალდების მტკიცებით, ბიზნესმენებმა „ავტოვაზის“ ბაზაზე შექმნილი „ლოგოვაზის“ მეშვეობით 600 მილიონი დოლარი მიითვისეს.
დღეს სასამართლომ პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ბრალეულობის არარსებობის გამო დახურულად გამოაცხადა.
ბადრი პატარკაციშვილი შარშან, 12 მარტს მოსკოვის სასამართლომ კიდევ ერთ - „აეროფლოტის“ გახმაურებულ საქმეშიც ცნო უდანაშაულოდ.
უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანია „ლოგოვაზის“ ადვოკატმა სიმონ არიამ კომენტარი გააკეთა.
„მათ არაფერიც არ გამოუვიდათ. მიუკერძოებელი პირები ყველაფერში გაერკვნენ და აღიარეს, რომ პროკურატურის სარჩელი ამ გარიგების არაკანონიერების შესახებ უსაფუძვლოა. სახელმწიფო საარბიტრაჟო სისტემამ აღიარა პროკურატურის მოსაზრებებისა და სარჩელის უსაფუძვლობა. ამის შეცვლა უკვე შეუძლებელია, რადგან უმაღლესი კანონი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.“ - აღნიშნა მან.