ირანში დააკავეს პირი რომელმაც უკრაინული ლაინერის ავიაკატასტროფა გადაიღო

ირანში დააკავეს პირი რომელმაც უკრაინული ლაინერის ავიაკატასტროფა გადაიღო

ირანში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელმაც უკრაინული ლაინერის ავიაკატასტროფის ვიდეო გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაკავებულ პირს სავარაუდოდ ეროვნული უსაფრთხოების მუხლით წაუყენებენ ბრალს. ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე, 14 იანვრის დილას ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა გოლომჰოსეინ ესმაილმა განაცხადა, რომ დააკავეს ორი ადამიანი, რომელიც „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაშია ეჭვმიტანილი.

დღეს, 15 იანვარს The New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, აღბეჭდილია ორი ირანული რაკეტის უკრაინულ ბოინგთან შეჯახების ფაქტი.

ვიდეოში ჩანს ორი სავარაუდო გაშვება 30 წამის ინტერვალით და შემდეგ აალებული ობიექტი, რომელიც როგორც The New York Times-ი ირწმუნება, სწორედ უკრაინული ლაინერია.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რამდენიმე საათით დააკავა.