ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა ირანს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა, ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა საერთო განცხადება გაავრცელებს, რომელშიც თეირანს შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებას სთხოვს.
„ირანს შეთანხმებასთან შეუთავსებელი ქმედებების შეწყვეტასა და ყველა პირობის შესრულებისკენ მოვუწოდებთ. ირანმა შემდგომი ძალადობისგან თავი უნდა შეიკავოს. ჩვენ მზად ვართ ირანთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, რათა რეგიონში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანმა შეთანხმება სრულად 5 იანვარს დატოვა. 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლისკენ მხარეებს დონალდ ტრამპმა 8 იანვარს მოუწოდა. მის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ხელშეკრულების შექმნას სთავაზობს.