ერაყში, ბალადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებულები, 7 ბომბი ჩამოვარდა. შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბები ბაზაზე არსებულ ასაფრენ ბილიკს დაეცა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ 80 კილომეტრში მდებარეობს.
ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 8 იანვარსაც მოხდა, თუმცა როგორც ჩNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყმა აშშ ირანის მიერ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის შესახებ 2,5 საათით ადრე გააფრთხილა და ამერიკელი სამხედროები ბუნკერში დაიმალნენ, რის გამოც ირანის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.