თეირანში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რობერტ მაკეირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
11 იანვარს ირანელი სტუდენტები თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ, რათა ირანელი სამხედროების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება გაეპროტესტებინათ. პოლიციის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი უნივერსიტეტთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მომიტინგეებს ხელმძღვანელობდა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში რობერტ მაკეირი გაათავისუფლეს. ინციდენტთან დაკავშირებით მას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ. მომხდარს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.
„თეირანში ჩვენი ელჩის დაკავება ყოველგვარი განმარტების გარეშე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ირანის მთავრობა გზაჯვარედინზე დგას. მას შეუძლია გააგრძელოს სვლა პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისკენ, ან შეეცადოს დაწიოს ტემპერატურა და დიპლომატიას მიმართოს“, - განაცხადა რააბმა.
ბრიტანელი ელჩის დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
„მოვუწოდებთ რეჟიმს ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში დიდი ბრიტანეთს მისი უფლებებების დარღვევისათვის და პატივი სცეს ყველა დიპლომატის უფლებებს“, - წერს Twitter-ზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.