ირანის პრეზიდენტი: ადამიანურმა შეცდომამ 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

ირანის პრეზიდენტი: ადამიანურმა შეცდომამ 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

ირანის პრეზიდენტი თეირანის მიერ უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებას უპატიებელ შეცდომას უწოდებს და გამოძიების პროცესში სამართლებრივი დევნის საჭიროებაზე მიუთითებს. ირანელი ლიდერის ტექსტი ამ თემაზე Twitter-ზე განთავსდა. 

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, ადამიანური შეცდომის გამო, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება, უპატიებელი შეცდომაა“, - ნათქვამია პოსტში.

11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.