ოფიციალურმა ბაღდადმა ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების დაბომბვა გააკრიტიკა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის სარაკეტო დარტყმები ერაყის სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევაა. ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა მოვლენათა განვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებმა ერაყი ბრძოლის ველად არ უნდა აქციონ.
ერაყის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თეირანმა ბაღდადი დარტყმების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ოპერაციის მსვლელობისას. „ირანმა შუაღამის შემდეგ, ზეპირი ფორმით შეგვატყობინა, რომ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები უკვე დაიწყო ან მალე დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის ოპერაციიდან 11 საათში გამოაქვეყნეს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო დაპირისპირება არ სურს, თუმცა თავდასხმის გამო ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა.
ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.
როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.
5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.
გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.
ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.