დონალდ ტრამპის ბრიფინგს გაეროს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. საგანგებო განცხადება მან სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნა. ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით ვითარების დეესკალაციის ნიშნებს ხედავს, რითაც კმაყოფილია.
„მშვიდობა ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. მოხარული ვარ, რომ სპარსეთის ყურეში ვითარების დეესკალაციის ნიშნები ჩანს. მსოფლიომ არ უნდა დაუშვას კიდევ ერთი ომი,“ - წერს გუტერეში.
8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადა. პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკან დახევა გადაწყვიტა, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგია.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა.
ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.
როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.
5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.
ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.