გასული წლის შემოდგომიდან დღემდე ავსტრალიაში ტყის ხანძრებს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სიდნეის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პროფესორ კრის დიკმანის თქმით, იანვრის დასაწყისიდან მხოლოდ ახალი უელსის შტატში 800 მილიონზე მეტი ცხოველი მოკვდა. მთელ ქვეყანაში კი სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი, ფრინველი და რეპტილია იმსხვერპლა.
7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ცხოველები ტყის ხანძრის პირობებში ძალიან ბევრ წყალს სვამენ და აგრეთვე მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან ნახევარი მილიარდი ცხოველი მოკვდა. ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე ხანძარმა გაანადგურა.