აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა დონალდ ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
ბაიდენის თქმით, გენერალ ყასემ სულეიმანის მოკვლა „უსისტემო“ იყო, ტრამპს კი მსოფლიო ლიდერობა არ შეუძლია.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.
როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.
5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.
გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.
ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.